ახალი ამბები

50-მდე ევროპარლამენტარი ხელისუფლებისგან სააკაშვილის EU-ში გადაყვანას ითხოვს

14 ივლისი, 2023 • 1454
50-მდე ევროპარლამენტარი ხელისუფლებისგან სააკაშვილის EU-ში გადაყვანას ითხოვს

50-მდე ევროპარლამენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ.

წერილის ადრესატები არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ავტორებს შორის არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუშტრევიჩუსი, რაფაელ გლუკსმანი, მაიკლ გალერი, ანდრიუს კუბილიუსი, მარიამ ლექსმანი და ა.შ.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ შეშფოთებულნი არიან მიხეილ სააკაშვილის ვიზუალური მდგომარეობის გამო, რომელიც იხილეს სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის საავადმყოფოდან ჩართვისას. მათი თქმით, ეს ვიზუალური მდგომარეობა ცალსახად ასახავს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფ და მკვეთრ გაუარესებას.

“ცხადია, რომ სააკაშვილის ახლანდელი მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია, რასაც პოტენციურად საშინელი შედეგები და სიცოცხლის დაკარგვა შეიძლება მოჰყვეს“, — წერენ ევროპარლამენტარები წერილში, რომელიც 12 ივლისით არის დათარიღებული.

ევროპარლამენტარების თქმით, მათ მტკიცედ სჯერათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ ამჟამინდელი სამედიცინო ჩარევები არ უზრუნველყოფს და არ ეხმარება მის სწრაფ გამოჯანმრთელებას. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფო ზომებია მისაღები მანამ, სანამ ვითარება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.

აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიმართოს „მორალურად გამართულ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას“:

„გადაიყვანეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც ის შეძლებს აუცილებელი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებას“.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ აღნიშნული შემთხვევის მნიშვნელობაზე საქართველოს EU-ში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი