ნეტგაზეთი | ჩანაცვლება ჩანაცვლება – Netgazeti
Batumelebi | RU

ჩანაცვლება

შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტი რომ დიდი პოლიტიკისკენ ერთგვარი ტრამპლინია,  ამას ერთი პატარა სტატისტიკაც მოწმობს. წინა რვა გუბერნატორიდან ექვსი თბილისში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე დააწინაურეს.

შიდა ქართლში საკადრო ცვლილებები გრძელდება, ორი კვირის წინათ დანიშნულმა ახალმა გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა პირველი გაფრთხილება გამგებლებს და სოფლების რწმუნებულებს მისცა. მისი თქმით, ვერ იმუშავებს კაბინეტის მოხელეებთან და ყველას ხალხთან შეხვედრებისკენ მოუწოდა.

როგორ გაართმევენ თავს გამგებლები გუბერნატორის დავალებას, ეს მალე გამოჩნდება. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ისედაც დადიოდა ხალხთან შესახვედრად.

 სოფელ ხურვალეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული როი ფოლადაშვილი კი აცხადებს, რომ გუბერნატორის დავალებას შეასრულებს. 

 არსოშვილმა საკადრო ცვლილებები საკუთარი ადმინისტრაციიდან დაიწყო. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ზურაბ ლომიძე ფინანსურ სამსახურში გადაიყვანეს, მის ადგილას კი პაატა გიორგაძე დანიშნეს, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, ბოლოს კი, არსოშვილთან ერთად, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში მუშაობდა. მოადგილედ გიორგი თვალავაძე დაინიშნა, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მერიაში, გენპროკურორის მოადგილედ , ბოლოს კი – გვარდიის დეპარტამენტში. ისევე, როგორც წინა გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა, არსოშვილმაც კადრების ჩამოყვანა თბილისიდან დაიწყო, რომლებმაც ვარძელაშვილის კადრები ჩაანაცვლეს. თავად არსოშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართლში ფინანსური პოლიციის უფროსად, თბილისის მერიაში, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლოს გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არსოშვილმა პოლიტიკური კარიერა გორიდან დაიწყო და ისევ გორში დაბრუნდა. ფინანსურ პოლიციაში მისი მუშაობის პერიოდს  რეგიონში კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა დაემთხვა, ამიტომ არსოშვილი და მისი თანამშრომლები , როგორც კონტრაბანდისტების წინააღმდეგ შეუბრალებელი პირები, არაერთხელ მოექცნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, უფლებადამცველები მას და მის გუნდს ადამიანის უფლებების დარღვევაში ხშირად ადანაშაულებდნენ. ამჟამად რეგიონის ხელისუფლებაში, ძირითადად, ყოფილი ძალოვანები მოვიდნენ. გორში ფიქრობენ, რომ  ახალი დაჭერების ტალღა დაიწყება, თუმცა ეს ვარაუდი ჯერჯერობით არ მართლდება.  ახალი გუბერნატორი კაბინეტში მართლა იშვიათად შედის. ორი კვირის განმავლობაში მან რამდენიმე სოფელში, მათ შორის, ხაშურში მოასწრო მოსახლეობასთან შეხვედრები. ამჟამად იგი დევნილთა დასახლების პრობლემებით არის დაინტერესებული. 

შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტი რომ დიდი პოლიტიკისკენ ერთგვარი ტრამპლინია,  ამას ერთი პატარა სტატისტიკაც მოწმობს. წინა რვა გუბერნატორიდან ექვსი თბილისში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე დააწინაურეს. დავით ქობლიანიძეს ვარდების რევოლუციამ მოუსწრო, მიხეილ ქარელს კი ოქრუაშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირებამ. ამიტომ მათი პოლიტიკური კარიერა გორშივე დასრულდა. ამ ტრამპლინზე ახლა არსოშვილი იმყოფება და მასზეა დამოკიდებული, ნახტომი რამდენად წარმატებული გამოუვა. იგი ახლა სოფელ-სოფელ დადის, მაგრამ გორში იმასაც ამბობენ, რომ ახალი ცოცხი კარგად გვის. 

შიდა  ქართლის ახალი გუბერნატორი შეხვედრაზე
შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი შეხვედრაზე

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გოგა აფციაური, გორი