ახალი ამბები

შესაძლოა, მეტროსადგური „ავლაბარი“ 2 კვირით დაიხუროს — კალაძე

12 ივლისი, 2023 • 843
შესაძლოა, მეტროსადგური „ავლაბარი“ 2 კვირით დაიხუროს — კალაძე

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შესაძლოა, საჭირო გახდეს მეტროსადგურ „ავლაბრის“ 2 კვირით დახურვა. ამის შესახებ დედაქალქის მთავრობის სხდომაზე დღეს, 12 ივლისს, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარება.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ჩატარდა რამდენიმე საექსპერტო კვლევა და მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გაეგზავნა.

„უახლოეს დღეებში ველოდებით ბიუროს დასკვნას, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში“ სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, კონსოლის დემონტაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს მეტროსადგურ „ავლაბრის“ ორი კვირით დახურვა.

თბილისის მერის განცხადებით, თუ აღნიშნულის აუცილებლობა დადგა, საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

რაც შეეხება მეტროსადგურზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კახა კალაძის განცხადებით, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი