ახალი ამბები

ნატო-ს სამიტში მონაწილეობისთვის დარჩიაშვილი ვილნიუსში ჩავიდა

11 ივლისი, 2023 • 747
ნატო-ს სამიტში მონაწილეობისთვის დარჩიაშვილი ვილნიუსში ჩავიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნატო-ს სამიტში მონაწილეობისთვის ვილნიუსში ჩავიდა.

სამიტის ფარგლებში ის ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისს სამიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის.

მათივე ინფორმაციით, ასევე ხაზი გაესვა ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვის მხარდაჭერას.

„აღინიშნა, რომ სამიტი შედეგიანი იქნება, როგორც ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და არსებულ პოტენციალზე პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების ცნობით, დარჩიაშვილსა და ლანსბერგის შორის საუბარი შეეხო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და „12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ არსებულ პროგრესს“.

„ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ამასთან, ხაზი გაესვა ლიეტუვას მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კავშირების გაძლიერების და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ვილნიუსის ნატო-ს სამიტს არ დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი