ახალი ამბებისაზოგადოება

სახალხო დამცველი პრაიდის ფესტივალის ჩაშლას პრაიდის ხსენების გარეშე გამოეხმაურა

8 ივლისი, 2023 • 2212
სახალხო დამცველი პრაიდის ფესტივალის ჩაშლას პრაიდის ხსენების გარეშე გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება, თუმცა პრაიდს საერთოდ არ ახსენებს.

განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, ლევან იოსელიანი ასევე არ აკონკრეტებს, რომ პრაიდის ფესტივალი ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს.

“ნეტგაზეთი” სახალხო დამცველის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„სახალხო დამცველი დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც კვირეულის დასაწყისში სახალხო დამცველმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის.

ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ დღის განმავლობაში  დაგეგმილია  სხვადასხვა აქცია. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული   და სათანადო რეაგირება“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

პრაიდის ფესტივალი, რომელიც დღეს, 8 ივლისის უნდა გამართულიყო,  ჩაიშალა. ორგანიზატორები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი