უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
კიევის დატოვებამდე, 4 ივლისს, გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით დაიბარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც პროტესტი გამოუცხადეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის აბუჩად აგდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩისადმი შეთავაზებულ იქნა, დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად“, — აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი.
3 ივლისს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში, ის საზოგადოებას არ უნახავს. სწორედ სააკაშვილის გამოჩენას მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ კრემლი „საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს“. უკრაინის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება საქართველოს ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებისა და 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებზე დაბრუნების შეთავაზების შესახებ.
უკრაინული მედია წერს, რომ კიევის მიერ არჩეული პროცედურა არ არის დამახასიათებელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. სახელმწიფოს შეუძლია კონსულტაციებისთვის გაიწვიოს საკუთარი ელჩი, მაგრამ არა ის, რომ სხვა სახელმწიფოს ელჩი გააძევოს პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ან აკრედიტაციის ჩამორთმევის გზით.
„თუმცა ზელენსკიმ გადაწყვიტა, არ გადაედგა ეს მძიმე ნაბიჯი და შესთავაზა პროცედურა, რომელსაც არ აქვს მკაფიო სახელი და წესები“, — წერს „ევროპეისკა პრავდა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. ამავდროულად, თბილისი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს საპასუხო ქმედებისგან.