ახალი ამბები

მშვილდაძის საქმის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა

6 ივლისი, 2023 • 887
მშვილდაძის საქმის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა

„ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის საქმის გადაცემა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

27 ივნისს „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც „ფორმულასთან“ მშვილდაძე ამბობს, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.

მშვილდაძის თქმით, თავდამსხმელმა მას უთხრა, „შენ პატრიარქს როგორ აგინებო“.

მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული პოლიციამ 28 ივნისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

თავდასხმიდან მალევე ბრალდებულმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მიშა მშვილდაძეს თავს დაესხა მისი საჯარო განცხადებებისა და საქმიანობის გამო. მისი ფეისბუკ-სტატუსი მსგავსი იყო ტექსტისა, რომელიც ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელმა თავდასხმის შემდეგ გამოაქვეყნა.

ცემა და შეურაცხყოფა ქუჩაში — ხელისუფლების ოპონენტები თავდასხმის ქვეშ

მასალების გადაბეჭდვის წესი