„ბოლო დროს დისკუსია მიდის უკრაინის „ნელ“ იერიშზე. რეალურად კი ახლა მიმდინარეობს რუსეთის „ოპერატიული“ სისტემის თანმიმდევრული და მიზანმიმართული ჩამოშლა, რასაც დრო სჭირდება“, – წერს მიკ რაიანი, ავსტრალიელი გადამდგარი გენერალ-მაიორი და უკრაინაში ომის ახალი ფაზას აანალიზებს.
რა არის ოპერატიული სისტემა? ამის და უკრაინელების მიერ სისტემის ჩამოშლის გასაგებად უნდა გავიაზროთ ორი უმთავრესი კონცეფცია – ოპერატიული ხელოვნება და ომი სისტემის ჩამოსაშლელად.
ომში საქმე გვაქვს სტრატეგიასთან (მიზნის და მოქმედების კავშირი რესურსების გამოყოფასთან) და ტაქტიკასთან (მოიცავს იერიშს და კონკრეტული საბრძოლო ოპერაციების ჩატარებას). თანამედროვე ომის კომპლექსურობის გამო, სტრატეგია და ტაქტიკა უკავშირდება ერთმანეთს იმით, რასაც ჩვენ „ოპერატიულ ხელოვნებას“ ვუწოდებთ.
ეს ხელოვნება გახლავთ საკმაო ხნის განმავლობაში ტაქტიკური ქმედებების დაგეგმარება, მოწყობა, შენარჩუნება და მათი ადაპტაცია მომხდარ მოვლენებთან. ეს უზრუნველყოფს, რომ სამხედრო ძალები კარგ მდგომარეობაში არიან ისეთი ტაქტიკური ქმედებებისთვის, რომლებიც სტრატეგიულ შედეგებს მოიტანენ.
ოპერატიული ხელოვნების ერთ-ერთი საკამათო ელემენტი ისაა, საერთოდ რამდენად არსებობს ომის ოპერატიული „დონე“. კრიტიკოსების მოსაზრებით, ეს დონე ძირს უთხრის სტრატეგიას, ტაქტიკას კი აქვეითებს ომის ნაკლებად მნიშვნელოვან ასპექტამდე. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ სახელმწიფოთა უმრავლესობა თავის სამხედრო დოქტრინაში ამ დონეს ცნობს.
სისტემის ჩამომშლელი ომი. როგორც ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი RAND აღნიშნავს: „სისტემებზე ფიქრითაა გაჟღენთილი ჩინეთის ჯარის მიდგომა წვრთნებისადმი, ორგანიზებისადმი, შეიარაღებისადმი… სისტემათა სისტემის კონსტრუქცია მიაჩნიათ თანამედროვე ბრძოლად ჩინეთის ჯარში“.
ჩინური ჯარის თეორეტიკოსები თანამედროვე ომს მიიჩნევენ ორი სისტემის ბრძოლას მრავალშრიან სივრცეში. ამიტომ, ჩინელებს სურთ ააგონ თავიანთი სისტემა მტრის სისტემაზე შესატევად, რისი მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა მოწინააღმდეგის „საოპერაციო სისტემის“ განადგურება.
ოპერატიული სისტემა გახლავთ სამხედრო ძალების, დანაყოფებზე და ბრიგადებზე მასშტაბური შენაერთების კომპონენტი, რომელიც აერთიანებს ძალებს და საშუალებას იძლევა, ჩატარდეს ერთდროული და თანმიმდევრული ტაქტიკური ქმედებები. ეს კომპონენტი აგრეთვე ხელს უწყობს ამ ძალებს, ჩაატარონ ოპერატიული დონის მანევრები სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
უკრაინაში რუსეთის ოპერატიულ სისტემას აქვს ექვსი უმთავრესი ელემენტი: ხელმძღვანელობის, შეიარაღების, ინფორმაციის, დაზვერვის, მომარაგების (ლოგისტიკა და სხვა) და სწავლა-ადაპტაციის.
ეს სისტემა არის უკრაინაში რუსული ძალების ტვინი და ნერვული სისტემა. სწორედ ეს სისტემა უნდა ყოფილიყო პირველი მიზანი [უკრაინის] სამხედრო კამპანიის დაგეგმვის და შესრულების დროს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თუ უკრაინელები იერიშს მიიტანენ რუსეთის ტვინსა და ნერვულ სისტემაზე, ხელ-ფეხი კოორდინირებას ვერ შეძლებს და, შესაბამისად, იზოლირებული და მარტივად გასანადგურებელი იქნება. ანუ, როცა უკრაინელები ითხოვდნენ თანამედროვე თვითმფრინავებს და შორი დისტანციის მქონე იარაღს, ისინი ითხოვდნენ შესაძლებლობას, იერიში მიეტანათ და გაენადგურებინათ რუსეთის ოპერატიული სისტემა.
ივნისში დაწყებულ კონტრიერიშამდე მოსამზადებელ პროცესში შეტევა განხორციელდა რუსული ოპერატიული სისტემის ექვსივე ელემენტზე. ეს შეტევა ახლაც გრძელდება. მათი ჯამური ეფექტი ხშირად გაიზრდება. დადგება დრო, როცა უკრაინელები განსაზღვრავენ, რომ რუსეთის ოპერატიული სისტემა საკმარისად ჩამოიშალა – შეიზღუდა მისი შესაძლებლობა, აღადგინოს ზიანმიყენებული ტაქტიკური ძალები და შეკრიბოს რეზერვები. სწორედ მაშინ გადაწყდება, როდის დაიწყება ფართომასშტაბიანი ბრძოლები.
სამწუხაროდ, დასავლეთში მოწინააღმდეგის ოპერატიული სისტემის ჩამოშლის მხოლოდ ერთი მოდელი გვაქვს – აშშ-სი, 1991 წლის ომში ერაყის წინააღმდეგ. მაშინ ამას დასჭირდა 42-დღიანი კამპანია, ათასობით საჰაერო ხომალდით. ამის გარდა, საკმაოდ უკან უნდა წავიდეთ წარსულში ასეთი კომპლექსური კამპანიის მაგალითის სანახავად.
მოკლედ რომ ვთქვათ, არ არსებობს რაიმე თანამედროვე ანალოგი იმისა, რის გაკეთებასაც ცდილობს უკრაინა. კიევი საკმარისად ვერ აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, დასავლეთმა კი უკრაინას არ მიაწოდა თანამედროვე თვითმფრინავები ან შორი დისტანციის მოქმედების შემტევი სისტემები (მაგალითად, ATACMS) საკმარისი რაოდენობით. ასე რომ, უკრაინას ბევრი უნდა ეფიქრა და კრეატიულად მიდგომოდა რუსეთის ოპერატიული სისტემის ჩამოსაშლელად. ეს მოიცავდა HUMINT-ის სისტემების გამოყენებას, სამოქალაქო და სამხედრო სადაზვერვო ცნობების შეგროვებას და შერჩევით ტაქტიკურ ქმედებებს რუსული რეაგირების პროვოცირებისთვის.
თუმცა რუსეთის რეაგირება არაა მხოლოდ ტაქტიკური. უკრაინას იმედი აქვს, რომ იმასაც იხილავს, როგორ იღებენ რუსები გადაწყვეტილებას და როგორ მუშაობს მათი საკომუნიკაციო ქსელი. კიევს ასევე ენდომება, აღმოაჩინოს უმთავრესი სარეზერვო ძალები, შეაფასოს, რა უნდა მოხდეს მათი ფრონტზე გადასროლისთვის და რამდენი ხანი დასჭირდება ამას. ამჟამინდელი ფაზის სხვა მიზნებია ლოგისტიკის სპეციალისტების და ინჟინრების (ვინც ნაღმების ველებს აწყობს) აღმოჩენა და განადგურება. უკრაინაში დისლოცირებული რუსული ჯარის რიცხოვნობის გათვალისწინებით, ეს სერიოზული საქმეა, რომელსაც დრო სჭირდება.
ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინა იღებს ინფორმაციასა და გაკვეთილებს, რათა გააუმჯობესოს რუსეთის სისტემის ცოდნა. კიევი აგრეთვე იღებს დროს თავისი ძალების წვრთნისთვის, რათა ისინი უფრო მომზადებულნი იყვნენ თავიანთი შემდგომი როლისთვის ბრძოლის ველზე.
მნიშვნელოვანია ასეთი მიდგომის კიდევ ერთი ელემენტი. უკრაინას ტაქტიკური ძალები არ ჰყავს წინა ხაზზე, რის გამოც კიევს დიდი მოქნილობა აქვს იმ მხრივ, თუ საბოლოოდ სად განახორციელებს მთავარ დარტყმას.
რუსული სისტემა, ალბათ, ისტორიაში ყველაზე კომპლექსურია. არცერთ ქვეყანას, აშშ-სა და უკრაინის გარდა, მასზე შეტევა და ჩამოშლა არ შეუძლია. როცა ეს ჩამოშლა მოხდება, უკრაინა რუსულ ძალებს მოუჭრის გზას სტრატეგიული მიზნების შესრულებისკენ. უკრაინელ ჯარისკაცებს ექნებათ მეტი შანსი, გაარღვიონ რუსეთის თავდაცვითი ხაზები.








