6 ივლისს, ღამით, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ქალაქი ლვოვი, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე ოთხი და დაშავდა ცხრა ადამიანი, აცხადებენ უკრაინის შსს-სა და ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში. უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
დარტყმის შედეგად, ქალაქში დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი, ხოლო ორ სადარბაზოში დაინგრა მესამე და მეოთხე სართულები.
„[ადგილობრივი დროით] 7:00-სთვის დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაშავდა ცხრა. სამაშველო სამსახურების თანამშრომლებმა გადაარჩინეს შვიდი ადამიანი, ევაკუირებულია 64 ადამიანი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან ერთად, უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ ნანგრევების ქვეშ შეიძლება ადამიანები იყვნენ, რის გამოც მაშველები მუშაობას აგრძელებენ.








