ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გაეროს უშიშროების საბჭო წარსულის გადმონაშთია” – ალიევი

5 ივლისი, 2023 • 1063
“გაეროს უშიშროების საბჭო წარსულის გადმონაშთია” – ალიევი

“დღესდღეობით, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძოდ კი, გაერო, ვერ ამართლებს კაცობრიობის მოლოდინებს. გაერო სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს”, – ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს ბაქოში მიუმხრობლობის მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე.

ალიევი ამბობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო წარსულის გადმონაშთია და არ ასახავს დღევანდელ რეალობას.

“ჩვენ უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაფართოების მომხრე ვართ, რათა ის უფრო წარმომადგენლობითი და გეოგრაფიულად სამართლიანი გახდეს. მიხარია, რომ ამ საკითხზე დღეს მსოფლიოში კონსენსუსი იზრდება. ვფიქრობთ, ქვეყნებს, რომლებიც იკავებენ მიუმხრობლობის მოძრაობის, ისლამური თანამშრომლობისა  და აფრიკული კავშირის ორგანიზაციების თავმჯდომარის პოსტებს, როტაციული წესითა და ვეტოს უფლებით საკუთარი ადგილები უნდა გააჩნდეთ გაეროს უშიშროების საბჭოში”.

5-6 ივლისს ბაქოში იმართება მიუმხრობლობის მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტრთა სხდომა.

მიუმხრობლობის მოძრაობა წარმოადგენს ფორუმს, რომელშიც მონაწილეობს 120 განვითარებადი ქვეყანა. ფორუმის მონაწილე ქვეყნები ფორმალურად არ მიეკუთვნებიან და არ ეწინააღმდეგებიან მსოფლიოს რომელიმე გავლენიან სამხედრო-პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ბლოკს.

მასალების გადაბეჭდვის წესი