ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთმა მთლიანად დატოვოს ყარაბაღი”- ალიევის მორიგი ულტიმატუმი

5 ივლისი, 2023 • 4728
“სომხეთმა მთლიანად დატოვოს ყარაბაღი”- ალიევის მორიგი ულტიმატუმი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის დარჩენილ სამხედრო დანაყოფებს ტერიტორიის სრულად დატოვებისკენ მოუწოდებს.

“იმის მიუხედავად, რომ სომხეთი იძულებული იყო, ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ეღიარებინა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით იმყოფებიან რუსი სამშვიდობოები, ჯერ კიდევ იმყოფებიან სომხეთის შეიარაღებული ძალების ნარჩენებიც.

თუ სომხეთი რეალურად არის დაინტერესებული რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევით, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად უნდა დატოვონ აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონი. უნდა მოხდეს სომეხი ჯარისკაცებისა და სამხედრო ფორმირებების განიარაღება”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მინისტრებთან შეხვედრაზე.

მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის ცხელი ფაზის დამთავრების შემდეგ მხარეებს შორის სიტუაცია ისევ არასტაბილური რჩება. რეგულარულ ხასიათს ატარებს ახალი შეტაკებები, რომელიც მსხვერპლით სრულდება. ამავე დროს, საკმაოდ ინტენსიურია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა პროცესი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე.

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი