ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი

19 ივლისი, 2010 • 1183
არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელთა  შემოსავლის ერთადერთი წყარო დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოყოფილი გრანტებია, ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20 %–მდე გაიზრდება.

 სამოქალაქო სექტორი აპროტესტებს, რომ სახელმწიფომ, ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავების დროს, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების გარეშე შეიტანა კანონპროექტში  ცვლილება, რომლის მიხედვითაც,  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტით მიღებული სახსრებიდან, ანაზღაურებისათვის გაცემული  საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არსებული 12%–ის ნაცვლად 20 % იქნება.

პეტიციის მიხედვით, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა,  თუკი სახელმწიფო საშემოსავლო განაკვეთს სამოქალაქო სექტორს 20 %–მდე გაუზრდის, –ეს ფაქტი მძიმე ტვირთად დააწვება არასამთავრობო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებას. რაც, შესაბამისად, ადამიანური რესურსების ნაკლებობის პრობლემას შექმნის. გარდა ამისა, არასამთავრობოების თქმით, ეს ფაქტი დონორი ორგანიზაციების ინტერესსაც ეწინააღმდეგება–მათ მიერ გრანტით გამოყოფილი თანხები მაქსიმალურად იქნას მიმართული კონკრეტული მიზნის მიღწევისაკენ.

„არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობა ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ხელშეწყობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, ხშირად ისეთი სერვისების განხორციელებას, რომეთსაც სახელმწიფოს თავად  ვერ სთავაზობს მოსახლეობას“,–ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ პეტიციაში.

საია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დაბეგვრის თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვას დღესაც აპირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი