ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს მიღებაზე უმრავლესობის ლიდერები არ მივედით – კობახიძე

30 ივნისი, 2023 • 1233
აშშ-ის საელჩოს მიღებაზე უმრავლესობის ლიდერები არ მივედით – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის ლიდერები აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე რამდენიმე თანაგუნდელის სოლიდარობის ნიშნად არ მივიდნენ.

როგორც კობახიძე ამბობს, უმრავლესობის სამ წევრს აშშ-ის საელჩოდან ჯერ მიუვიდათ მიღებაზე მიწვევა, შემდეგ კი უთხრეს, რომ უმჯობესი იყო, არ მისულიყვნენ.

კობახიძე არც ადასტურებს და არც უარყოფს, არიან თუ არა ესენი ის დეპუტატები, რომლებიც შარშან აშშ-ის საელჩოში მიღებაზე ჩხუბში მონაწილეობდენ.

კერძოდ, შარშან აშშ-ის საელჩოს მიღებაზე „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებდა, რომ  „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ასახელებდა ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.

“პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი არის მაღალი თანამდებობის პირი, მგონი, არცერთი არ მივედით. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი – ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ, რომელსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა არ მისულიყო. არ დავაკონკრეტებ, ვინ იყო, თვითონ იტყვის, თუ ექნება სურვილი. ერთი არ იყო, სხვათა შორის, ასეთი იყო სამი, ვისაც შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები, რადგან სინამდვილეში არ უნდოდათ მოწვევა და მერე უთხრეს, რომ სჯობდა არ მისულიყვნენ. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არასწორი დამოკიდებულება. ასეთ დროს ჩვენი მხრიდან ვალდებულებაა, რომ გამოგვეხატა სოლიდარობა. ჩვენ პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ როცა კონკრეტული ჩინოსნებისგან უხეში შეცდომის დაშვება ხდება, ამაზე გვჭირდება რეაგირება. მომავალ წელს, როცა აშშ-ის დამოუკიდებლობის ღონისძიება გაიმართება, ყველა მიწვეული პირი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს იყო ასეთი უხეში შეცდომა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი