ახალი ამბები

რუსი მედიამენეჯერი დაუსწრებლად დააპატიმრეს არმიაზე “ყალბი ამბების” გავრცელებისთვის

29 ივნისი, 2023 •
რუსი მედიამენეჯერი დაუსწრებლად დააპატიმრეს არმიაზე “ყალბი ამბების” გავრცელებისთვის

რუს მედიამენეჯერს, ილია კრასილშჩიკს, რომელსაც რუსეთის არმიაზე “ყალბი ამბების” გავრცელებას ედავებოდნენ, მოსკოვის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ინფორმაციას გამოცემა “მედიაზონა” ავრცელებს.

კრასილშჩიკი დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, “მედუზას” ყოფილი გამომცემელია. ის დამნაშავედ ცნეს რუსულ არმიაზე “ყალბი ამბების” გავრცელებაში, რომლებიც “პოლიტიკურ სიძულვილს ეფუძნებოდა”. რუსეთში ეს სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.

მედიამენეჯერის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზთა შორისაა “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირთა მკვლელობებს ეხებოდა. კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ინტერვიუ, რომელიც მედიამენეჯერმა კრემლის კრიტიკოს ჟურნალისტს, ილია შეპელინს მისცა.

“მედუზას” თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ილია კრასილშჩიკმა რუსეთი დატოვა. მის წინააღმდეგ საქმე 2022 წლის აპრილში აღიძრა, იმავე წლის ივლისში კი ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, მედიამენეჯერმა შექმნა პროექტი “მხარდაჭერის სამსახური”, პროექტის ვებგვერდის მიხედვით, ის ომითა და რეპრესიებით დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება.

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ხელისუფლების კრიტიკოსთა დევნა კიდევ უფრო გაძლიერდა. ომის საწინააღმდეგო აქტივობებისთვის ათასობით ადამიანი დააკავეს, რიგი კრიტიკული მედიასაშუალებები კი დაბლოკეს.

ამასთან, მიიღეს კანონები, რომელთა ძალითაც ჯარიმები და ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ომთან დაკავშირებით კრემლის რიტორიკისაგან განსხვავებულ ინფორმაციას გაავრცელებენ.

ამ ფონზე რუსეთი კრემლის მრავალმა კრიტიკოსმა დატოვა.

ფოტო: echofm.online

მასალების გადაბეჭდვის წესი