ახალი ამბები

შოლცმა არ იცის, პუტინის მემკვიდრე მასზე უკეთესი იქნება თუ უარესი

29 ივნისი, 2023 • 728
შოლცმა არ იცის, პუტინის მემკვიდრე მასზე უკეთესი იქნება თუ უარესი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უცნობია, პუტინზე „უარესი თუ უკეთესი“ იქნება მისი მემკვიდრე რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას კანცლერმა, სხვადასხვა საკითხის გარდა, რუსეთში ცოტა ხნის წინ მომხდარ პრიგოჟინის „ამბოხზეც“ ისაუბრა.

შოლცის შეფასებით, უცნობია, როგორი იქნება „ამბოხის“ შედეგები, თუმცაღა იგი ხაზს უსვამს, რომ პრიგოჟინის აჯანყებას „ნებისმიერ შემთხვევაში ექნება გრძელვადიანი შედეგები რუსეთში“, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დასუსტებულია“ და არც ისე მყარად ზის საჭესთან, როგორც თავად ირწმუნება.

კანცლერმა, მიუხედავად მისივე შეფასებით პუტინის დასუსტებისა, არ ისურვა ნათლად გაეცა პასუხი, კარგი იქნებოდა თუ არა, პუტინი რომ ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინათ.

„არ ვიცით, უკეთესი თუ უარესი იქნება ის, ვინც პუტინის შემდეგ მოვა. […] არ მსურს ჩავერთო სპეკულაციებში იმის შესახებ, კიდევ რამდენ ხანს დარჩება პუტინი თანამდებობაზე“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი