ახალი ამბები

გაკვირვებული ვარ  –  ზურაბიშვილმა პრიგოჟინის ამბოხზე CNN -ის ეთერში ისაუბრა 

29 ივნისი, 2023 •
გაკვირვებული ვარ  –  ზურაბიშვილმა პრიგოჟინის ამბოხზე CNN -ის ეთერში ისაუბრა 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN -ის პირდაპირ ეთერში, ქრისტიან ამანპურის გადაცემაში ისაუბრა რუსეთში მომხდარ ამბოხზე და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საქართველოსთვის.

“სრულიად გაკვირვებული ვიყავი, გაკვირვებული ვიყავი აჯანყების ფორმატით პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც,  რა თქმა უნდა, დასუსტებულია ამ ომით. გაკვირვებული ვიყავი, რა ადვილად გადაკვეთეს საზღვარი და შევიდნენ როსტოვში, ასევე, მოსკოვთან ახლოს მდებარე სხვა ქალაქებში. გაკვირვებული ვიყავი იმითაც, რომ ეს აჯანყება ისევე სწრაფად დასრულდა, როგორც დაიწყო.  დასრულდა რეპრესიების გარეშე, რომელიც ძალიან არაორდინალურია რუსული ტრადიციებისთვის.  გასაკვირი იყო პრიგოჟინის ნდობაც პუტინის უსაფრთხოების გარანტიების მიმართ. ასეთი რამ რუსეთის ისტორიისთვის უჩვეულოა. როცა ამბოხებული ხარ,  ან თუნდაც ომის ტყვე,  ეს [რუსეთში] არასდროსაა დავიწყებული. ან როგორ შეგიძლია ენდო ლუკაშენკოს უსაფრთხოების გარანტიებს, როცა მას თავად აქვს რთული პერიოდი. მოკლედ, ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, როგორც ხდებოდა  ტრადიციულად რუსეთში.

რუსეთის ეს ახალი სახე, რაც ჩანს ომის დაწყებიდან, რომელსაც რუსეთი  უკრაინაში აწარმოებს, რუსეთი მართლაც დამარცხებულად ჩანს.. ჯერ არ არის საბოლოო სამხედრო გამარჯვება, მაგრამ ყველაფერი, რასაც  პუტინი ცდილობს, არ მუშაობს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“საუბარი გაერთიანებული ევროპაზე, უფრო ძლიერ ნატოზე, ევროკავშირის გაფართოებაზე… ასე რომ, ყველაფერი პუტინისთვის უარყოფითია…  მობილიზაციაში წარუმატებლობა, რუსული არმია და ევგენი პრიგოჟინის ბოლო აქტი აჩვენებს, რომ რუსული არმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ არმიად ითვლებოდა მსოფლიოში და ევროპაში, სრულიად გზააბნეულია…”

ამანპურის კითხვაზე, თუ როგორ გრძნობს საქართველო თავს ამ სიტუაციაში, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის რუსეთისგან ამ დროისთვის სამხედრო საფრთხის საშიშროებას  ვერ ხედავს, თუმცა საუბრობს “რუსული რბილი ძალის მეორე ფრონტზე” და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საფრთხეზე.

“რუსეთი ტესტავს, რასაც მე ვუწოდებ, რბილი ძალის მეორე ფრონტს, რაც არის პროპაგანდა, რაც არის რუსების შემოსვლა.. გავიმეორებ, ეს უნდა კონტროლდებოდეს, ჩვენ არ უნდა შემოვუშვათ საქართველოში რუსეთის მოქალაქეები იმის ცოდნის გარეშე, თუ ვინ არიან ისინი. უმრავლესობა, როგორც აღნიშნეთ, არიან რუსები, რომლებიც გამოექცნენ დღევანდელ რუსეთს, პუტინის მოწინააღმდეგეები, მაგრამ ამავე დროს არის საფრთხე, რომ ეს რუსულენოვანი მოსახლეობა შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ინტერვენციისთვის მათი დაუცველობის საბაბით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი