დეპუტატ მარიამ ლაშხს [„ქართული ოცნება“] სურს, პარლამენტარებმა გაიზიარონ ირლანდიის პარლამენტის პრაქტიკა – “არ გამოიყენონ შეურაცხმყოფელი სიტყვები და თავიანთი განცხადებები არგუმენტებით გაამაგრონ”.
ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტარმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მიდგომა პოლარიზებას შეამცირებდა და საკანონმდებლო ორგანოში განხილვის ხარისხსაც გაზრდიდა.
„ჩვენს შემთხვევაში რომ წარმოვიდგინოთ, ყველაზე ხშირად გვესმის რუსების ძახილი – რუსული პროექტი, რუსული კანონი. ამის შესაბამისად, პოლიტიკოსებს აქვთ ვალდებულება, ნებისმიერ სიტყვას ჰქონდეს არგუმენტირებული დასაბუთება. როცა ეს არ გვესმის და არის დაუსაბუთებელი შეურაცხხყოფა, კარგი იქნება, თუ ასეთი სიტყვების ნაცვლად იქნება არგუმენტირებული მსჯელობა. თუა რუსული კანონი, რატომაა. თუ არაა კავშირში რუსულ წყობასთან, მაშინ მოუწევთ არგუმენტირებულად ახსნა, რატომ“, – აღნიშნავს ლაშხი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლაშხი პრაქტიკას დადებითად აფასებს, ამ ეტაპზე – „დღეს და ხვალ“ – რაიმე კანონპროექტის ინიცირებას არ გეგმავს: „ჯერ უნდა შევისწავლოთ… უბრალოდ, სიტყვის მასალად მოვიყვანე კომენტარის დროს, იმიტომ, რომ კარგი პრაქტიკაა… კარგი იქნება, ჩვენც რომ გვქონდეს გაწერილი“.
ჟურნალისტებმა დეპუტატს შესაძლო ინიციატივასთან დაკავშირებით ჰკითხეს, ხომ არ შეუქმნის ასეთი რეგულაცია საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებას, რა სიტყვები ჩაითვლება შეურაცხმყოფელად და ვინ დაადგენს, რამდენად დასაბუთებული იყო ამა თუ იმ დეპუტატის არგუმენტი.
ლაშხმა უპასუხა, რომ არსებობს ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფუძვლო შეურაცხყოფას შორის. უსაფუძვლოდ, მისი თქმით, ჩაითვლება „ნებისმიერი [შეურაცხყოფა], რომელსაც არ აქვს არგუმენტი“, მაგალითად – რუსი. არგუმენტის სიძლიერის დადგენაზე კითხვას ლაშხმა კონკრეტულად არ უპასუხა: „წინსწრებით ნუ გავაკეთებთ დასკვნებს, რომ რაღაც კომისია ადგენს“, – და გაიმეორა, რომ ეს „კარგი პრაქტიკაა.. […] რომ ყველა გადაძახილს და შეურაცხყოფას ჰქონდეს არგუმენტი“.