ახალი ამბები

აშკარა მცდელობაა, ჩაახშოს მედიის თავისუფლება – კოალიცია მშვილდაძეზე თავდასხმაზე

27 ივნისი, 2023 • 969
აშკარა მცდელობაა, ჩაახშოს მედიის თავისუფლება –  კოალიცია მშვილდაძეზე თავდასხმაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტს.

კოალიციის განცხადებით, ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.

როგორც მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებს, ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ დანაშაულებზე უმოქმედობა, კრიტიკული აზრის მიმართ ანტაგონისტური რიტორიკა თუ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მსგავსი სახის დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს.

„ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში როგორც ხელისუფლების და, საზოგადოდ, ძალაუფლების მქონეთა მაკონტროლებლები. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელზე თავდასხმა აშკარა მცდელობაა, ჩაახშოს მედიის თავისუფლება და არ მისცეს ჟურნალისტებს საშუალება, თავიანთი პროფესიული მოვალეობა შეასრულონ“, – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიძიოს მიშა მშვილდაძეზე თავდახმის ფაქტი. კოალიციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავე პირები კანონის მთელი სიმკაცრით დროულად დაისაჯონ.


27 ივნისს  „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც „ფორმულასთან“ მშვილდაძე ამბობს, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.

მშვილდაძის თქმით, თავდამსხმელმა მას უთხრა, „შენ პატრიარქს როგორ აგინებო“.

ფოტო: ფორმულა

მასალების გადაბეჭდვის წესი