ახალი ამბები

უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში შოთა არველაძე მიიღებს მონაწილეობას

27 ივნისი, 2023 •
უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში შოთა არველაძე მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის მხარდასაჭერ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში, რომელიც 5 აგვისტოს ლონდონში უნდა ჩატარდეს, მედიის ცნობით, მონაწილეობას შოთა არველაძეც მიიღებს.

მატჩის „Game4Ukraine“ [მატჩი უკრაინისთვის] მიზანია, ფული ააგროვოს ჩერნიჰივის ოლქში, ომის შედეგად დანგრეული სკოლის აღდგენისათვის. ინიციატივას მხარს უჭერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ორ გუნდს, რომელიც ლონდონის „ჩელსის“, „არსენალისა“ და „მილანის“, ასევე სხვა კლუბების ლეგენდებისგან დაკომპლექტდება, უკაპიტნებენ უკრაინელი ფეხბურთელები – ოქროს ბურთის მფლობელი ანდრიი შევჩენკო და „არსენალის“ მარცხენა მცველი, ოლექსანდრ ზინჩენკო. პირველის გუნდის მწვრთნელი იქნება ემა ჰეისი, „ჩელსის“ ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინჩენკოს გუნდს კი „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი, არსენ ვენგერი უხელმძღვანელებს.

მათ გარდა, მატჩში, მედიის ცნობით, მონაწილეობას მიიღებენ პატრიკ ვიერა, იენს ლემანი, რობერტ პირესი, ჟერარ პიკე, ედგარ დავიდსი, მაიკლ ესიენი, რიკარდუ კარვალიო, ლუკა ტონი, დიდა, ჯანფრანკო ზოლა, კლოდ მაკელელე, უილიამ გალასი, სამუელ ეტოო, კლარენს ზედორფი, ფაბიო კანავარო და სხვები.

„ეს მატჩი საშუალებაა მთელი მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებისთვის, გაერთიანდეს, სოლიდარობა გამოხატოს, დაეხმაროს უკრაინას, დაეხმაროს ჩვენს ბავშვებს სკოლაში დაბრუნებაში და კვლავაც მიაქციოს მსოფლიო საზოგადოებამ ყურადღება ომს“, – აღნიშნა ზელენსკიმ მატჩზე საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი