თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, აქტივისტებმა წელსაც უგულებელყვეს ხელისუფლების მიერ დაწესებული აკრძალვა და ლგბტ პრაიდზე გამოვიდნენ. ღონისძიება, რომლის დროსაც მწვავედ გააკრიტიკეს სახელმწიფოს ჰომოფობიური პოლიტიკა, ათეულობით ადამიანის დაკავებით დასრულდა.
წლებია, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლება მოქალაქეებს აღარ აძლევს პრაიდის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობას. უკანასკნელი საარჩევნო კამპანიის დროს ერდოღანი აქტიურად იყენებდა ჰომოფობიას კრიტიკოსთა წინააღმდეგ და დასძენდა, რომ ლგბტ ადამიანები ოჯახის ღირებულებებს ძირს უთხრიან.
წლევანდელ პრაიდამდე მცირე ხნით ადრე სტამბოლის გუბერნატორმა, დავუთ გიულმა თქვა, რომ აქტივისტებს მარშის ჩატარების საშუალებას არ მისცემდა. პრეზიდენტის მსგავსად, ისიც შეეცადა, ლგბტ თემი წარმოეჩინა “საფრთხედ” თურქული ოჯახისათვის.
(2) pic.twitter.com/Ze0Z2HpyVo
— Mert Can Bükülmez (@mertcanbukulmez) June 25, 2023
25 ივნისისთვის დაგეგმილი პრაიდისთვის სახელმწიფო საგანგებოდ მოემზადა: ქალაქის ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ქუჩები პოლიციამ ბარიკადებით ჩაკეტა, მეტროსადგურები კი — დაიხურა. თუმცა, ბოლო მომენტში, აქტივისტებმა პრაიდი სულ სხვაგან, ცენტრალური მოედნიდან 1 კილომეტრის მოშორებით, ნიშანთაშის უბანში ჩაატარეს.
ფერადი დროშებითა და სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით გამოსული დემონსტრანტები სკანდირებდნენ: “თაიფ, გაიქეცი, ქვიარები მოდიან!”
მათ კიდევ ერთხელ დაგმეს ქვეყნის პრეზიდენტის ჰომოფობიური პოლიტიკა.
İstanbul LGBTİ+ Onur Haftası Komitesi, yasağa rağmen 21. Onur Yürüyüşü’nü gerçekleştiriyor! #Pride2023#Dönüyoruz pic.twitter.com/r8qecR6cQd
— Zeynep Kuray (@zeynokuray) June 25, 2023
“ჩვენ ვეწინააღმდეგებით სიძულვილისა და უარყოფის პოლიტიკას. ნებისმიერი აკრძალვის, კრიმინალიზების, ზეწოლისა თუ ჩვენი დაჩაგვრის მცდელობების მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ ადამიანის უფლებების ადვოკატირებას ყველასათვის…” ,— აღნიშნეს მარშის მონაწილეებმა.
ორგანიზატორთა ცნობით, ადგილზე მცირე ხნის შემდეგ მისულმა პოლიციამ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ორგანიზაცია “ამნესთი ინთერნეიშენალის” თურქეთის ოფისის ინფორმაციით, სულ მცირე ერთმა ადამიანმა დაკავებისას თავის არეში მიიღო დაზიანებები.
იმავე დღეს აქტივისტებმა სტამბოლის ისტორიული გალათას კოშკიდან ლგბტ დროშა გადმოფინეს.
სტამბოლის ლგბტ პრაიდი, რომელიც თურქეთში 2003 წლიდან მშვიდობიანად ტარდებოდა, ბოლო 9 წელია ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ იკრძალება. აღნიშნულს თან სდევს მზარდად ჰომოფობიური რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან.
გარეკანის ფოტო: Twitter/Mert Can Bükülmez