ახალი ამბები

ოპოზიცია და კუშნერი ,,ერთ ტონალობაში“

15 ივლისი, 2010 • • 1070
ოპოზიცია და კუშნერი ,,ერთ ტონალობაში“

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ოპოზიცია და კუშნერი, საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით, “ერთ ტონალობაში” საუბრობდნენ.

,,რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა ,,ნეტგაზეთს“ რამდენიმე კონკრეტული საკითხი დაუსახელა იმ საკითხებს შორის, რაზეც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბერნარ კუშნერთან შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

ხიდაშელის თქმით, კუშნერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო აღარ აღმოჩნდება რაიმე შეიარაღებული კონფრონტაციის მონაწილე. როგორც ხიდაშელი ამბობს, ოპოზიციის წარმომადგენლები და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ,,ერთ ტონალობაში’’ საუბრობდნენ:

,,ჩვენ ვთქვით, რომ სააკაშვილის პროვოცირება ადვილია და თუ რუსეთს უნდა, ამას გააკეთებს.  მან საკმაოდ ცინიკურად განაცხადა, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა“, – ამბობს ხიდაშელი.

ამაში კუშნერმა რუსეთის მიერ ომის წამოწყების პროვოცირება იგულისხმა, რასაც საქართველოს პრეზიდენტი „წამოეგო.“
,,რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა შეხვედრაზე კუშნერს აგვისტოს ომის პერიოდის სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულებების შესახებ ანგარიში გადასცა. ანგარიშში ხიდაშელმა 5 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეკრებილი 6000–მდე დევნილის ჩვენება, აგვისტოს ომის პრეისტორია და ომის დროს მომხდარი სისხლის სამართლებრივი დანაშაულებების ანალიზი გააერთიანა. ანგარიში უკვე გადაეცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში და ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს ერთგვარი ჩამოყალიბებული საერთაშორისო პოზიცია იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს რეალურად საქმის წარმოების დაწყება“ – განმარტავს ხიდაშელი.

ოპოზიციის წარმომადგენლებისა და კუშნერის შეხვედრაზე პოლიტპატიმრებზეც ისაუბრეს. ხიდაშელის თქმით, საფრანგეთის საელჩო შემოდგომაზე საქართველოში კონფერენციის ჩატარებას სწორედ პოლიტპატიმრების თემაზე გეგმავს. ხიდაშელის აზრით, როცა ქვეყანაში ასეთი კონფერენცია ტარდება, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ პრობლემის აღიარება ხდება, და მეორე, კონფერენციაზე ხელისუფლების მიმართ მნიშვნელოვანი მიმართვები და საკითხები უნდა შემუშავდეს.

,,როდესაც მეგობარი სახელმწიფოს ეგიდით ასეთი კონფერენცია ტარდება, როგორც წესი, მისი იგნორირება არ ითვლება კარგ ტონად საერთაშორისო საზოგადოების თვალში“.

როგორც ხიდაშელმა ,,ნეტგაზეთს“ განუცხადა, კუშნერს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები არ შეუფასებია, მაგრამ მიიღო ოპოზიციის წარმომადგენლებისაგან თხოვნა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ქვეყანას დაეხმაროს.

,,რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრების გახშირებული ვიზიტები  მიზნად ისახავს, ევროპისათვის გარანტიების მიცემას, რომ საქართველო გაუთვლელ ნაბიჯებს აღარ გადადგამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი