ახალი ამბები

ჩამოგდებული ვერტმფრენები და ბლოკირებული გზები — რა ეტაპზეა „ვაგნერის“ ამბოხი

24 ივნისი, 2023 •
ჩამოგდებული ვერტმფრენები და ბლოკირებული გზები — რა ეტაპზეა „ვაგნერის“ ამბოხი

თბილისის დროით 16 საათისთვის, სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის კოლონები ეტაპობრივად მიიწევენ მოსკოვის მიმართულებით, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ჯერ ისევ შორია.

მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერელებმა“ უბრძოლველად აიღეს უკრაინის მოსაზღვრე რუსული ქალაქი დონის როსტოვი, მოსკოვის მიმართულებით მაგისტრალზე გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდებიან.

სხვადასხვა სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა არაერთი ვიდეო, სავარაუდოდ „ვაგნერელებმა“ როგორ ჩამოაგდეს რამდენიმე ვერტმფრენი და სამხედრო თვითმფრინავი, რომელთაც დაბომბეს „ვაგნერის“ სამხედრო კოლონები.

ერთ-ერთ ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ ფეთქდება ნავთობბაზა ქალაქ ვორონეჟში, ასევე როგორ ვარდება ვერტმფრენი.

დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ პროექტ Oryx-ზე დაყრდნობით წერს, რომ „ვაგნერელებთან“ დაპირისპირებისას რუსეთის რეგულარულმა არმიამ დაკარგა ვერტმფრენი ილ-22მ, 2 ერთეული ვერტმფრენი მი-8 და ერთი ცალი ავიაგამანადგურებელი მი-34.

რაც შეეხება თავად ქალაქ დონის როსტოვში არსებულ ვითარებას: ქუჩები და სტრატეგიული ობიექტები დაკავებული აქვთ „ვაგნერის“ მებრძოლებს, რომლებიც ქუჩებში ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობებსა და თავდაცვით პოზიციებს აწყობენ.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ქალაქში გაიგეს ორი აფეთქების ხმა სამხრეთ ოლქის სამხედრო შტაბთან, თუმცა აფეთქების წყარო უცნობია. ქალაქში ისმოდა ჰაერში გასროლის ხმა.

როსტოვის ოლქი უკრაინას ესაზღვრება. ოლქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან არ გამოვიდეს. როგორც ადგილობრი მედიასაშუალებები იტყობინებიან, „ვაგნერელები“ ამ ეტაპზე ქალაქის მაცხოვრებლებს არ ერჩიან.

„ვაგნერის“ მებრძოლი დონის როსტოვში მაშინ, როცა წყვილი საქორწინო ფოტოს იღებს. წყარო: 161.ru

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი ფოტო-ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია, „ვაგნერის“ მებრძოლები როგორ ვაჭრობენ ადგილობრივ მაღაზიებსა და კაფეებში.

ვრცელდება ცნობები ბენზინგასამართ სადგურებზე, ასევე მაღაზიებში დიდი რიგების შესახებ, საცობებია მაგისტრალებზე მოსკოვის მიმართულებით.

თავად სისასტიკით ცნობილი „ვაგნერის“ ვაგნერის ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ არც მოსახლეობას და არც რეგულარული არმიის ახალწვეულებს არ უნდა ეშინოდეთ, თუ ისინი წინააღმდეგობას არ გაწევენ. „ვაგნერმა“ გაავრცელა ათეულობით რუსი მესაზღვრის ფოტო. როგორც „ვაგნერი“ იტყობინება, მათ „იარაღი დაყარეს“.

რუსეთის ხელისუფლებამ 24 ივნისის დილიდან „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოაცხადა ვორონეჟის ოლქშიც, რომელიც როსტოვის ოლქის შემდეგ მდებარეობს მოსკოვის მიმართულებით მდებარეობს. იგივე რეჟიმია დაწესებული თავად ქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქის სხვა დასახლებებშიც. აღნიშნული რეჟიმი რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ანიჭებს.

ჯერ კიდევ 24 ივნისის დილამდე რუსეთის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობდა „ვაგნერის“ პოპულარიზაცია და მოსახლეობას მასში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდნენ, უკვე დღეს დილიდან კი სამხედრო დაჯგუფების ბანერების ჩამოხსნა დაიწყეს.

რუსეთის თითქმის ყველა ოლქის გუბერნატორმა მოუწოდა თავისი ოლქიდან „ვაგნერში“ გაწევრიანებულ სამხედროებს, ნუ შეასრულებენ სამხედრო დაჯგუფების „უკანონო ბრძანებებს“ და ნუ მიიღებენ მონაწილეობას სამხედრო ამბოხში.

მოსკოვსა და რუსეთის ზოგიერთ ოლქში მინიმუმ ერთი კვირით გადაიდო სკოლის გამოსაშვები საღამოები და საჯაროდ დაგეგმილი ღონისძიებები.

ჯერჯერობით, აეროპორტები და სარკინიგზო სადგურები ჩვეულებრივ მუშაობენ და როგორც ხელისუფლება აცხადებს, არ არის დაწესებული შეზღუდვები მოსკოვში შესვლა-გამოსვლაზე, თუმცა გზებზე ბლოკპოსტებია მოწყობილი და კონტროლი გაძლიერებულია.


კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფციისა და ომის არასათანადო მართვის გამო უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას — თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.

მათი შეპყრობის მიზნით კი, როგორც პრიგოჟინი ამბობს, 25-ათასიანი არმიით გაემართება მოსკოვისკენ.

უკვე 24 ივნისის დილით ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერი“ შევიდა უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ დონის როსტოვში, დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და გზას აგრძელებს მოსკოვისკენ, სადამდეც 1000 კილომეტრია.

რუსეთის ხელისუფლებამ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „ანტიტერორისტული ღონისძიების რეჟიმი“ გამოაცხადა, მოსკოვის მიმართულებით კი რამდენიმე მაგისტრალი დაკეტა.

თავად დონის როსტოვში შეფერხებულია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მმართველობის საქმიანობა, ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია, ხელისუფლება კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში შექმნილ ვითარებას „რთული“ უწოდა, „ვაგნერელებს“ — მოღალატეები და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი