ახალი ამბები

როსტოვის ქუჩებში სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს – მედია

24 ივნისი, 2023 •
როსტოვის ქუჩებში სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს – მედია

ადგილობრივი მედიასაშუალების, „161.რუ“-ს ცნობით, ქალაქ როსტოვის ქუჩებში გამოიყვანეს სამხედრო ტექნიკა, მიმდინარეობს ქუჩების გადაკეტვა.

აქამდე რუსული წყაროები წერდნენ, რომ ქალაქის პოლიციის რიგ განყოფილებებში გამოცხადდა გეგმა „ციხესიმაგრე“ – პირადი შემადგენლობის შეკრება და სტრატეგიული ობიექტების დაკავება.

„არის ბრძანება, საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდეს როსგვარდიის და შსს-ს მთელი შემადგენლობა და გაძლიერდეს კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზღვართან. აურზაური არ არის. უბრალოდ გამოძახებულია [ძალოვანი უწყებების შემადგენლობა]“, – ამბობს გამოცემის წყარო. ის ადასტურებს გეგმა „ციხესიმაგრის“ გამოცხადებასაც.


პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და შოიგუ დაადანაშაულა „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპირებს გაარკვიოს, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყოს „სამართლიანობის მარში“. პრიგოჟინი უარყოფს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება აქვს განზრახული და ირწმუნება, რომ უამრავი სამხედრო მას მხარს უჭერს.

თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ პრიგოჟინის ბრალდებებს, ხოლო რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე“ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვითარების საქმის კურსშია რუსეთის პრეზიდენტიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი