ახალი ამბები

განხეთქილება “ქრისტიან-დემოკრატებში”

15 ივლისი, 2010 • 1087
განხეთქილება “ქრისტიან-დემოკრატებში”

ახალგაზრდული ორგანიზაციის 200 წევრი პარტიას პროტესტის ნიშნად ტოვებს
ახალგაზრდული ორგანიზაციის 200 წევრი პარტიას პროტესტის ნიშნად ტოვებს

“მომავალ არჩევნებზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ `ქრისტიან-დემოკრატებმა”  ნიაზ ზოსიძისა და ნუგზარ ფუტკარაძის სახით ვერ შეიყვანონ ვერც ერთი კანდიდატი ვერც ერთ საკანონმდებლო ორგანოში”, – ქდმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაცია ბათუმში თარგამაძის პარტიის ლიდერებს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს. ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი გოგიტიძე სამი წლის განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე საუბრობს:

– “თავიდან ახალგაზრდულ ორგანიზაციაში 165 კაცი ვიყავით. შემდეგ ზოგიერთი განაწყენდა ლიდერების მხრიდან უაზრო დამოკიდებულებების გამო და დატოვა მოძრაობა. 80 კაცი დავრჩით, მაგრამ ვიყავით ის ძალა, რომელსაც შეეძლო რაღაც სიახლის შემოტანა. 75 წევრი ქობულეთში გვყავდა, წევრები გვყავდა ხელვაჩაურშიც.

წინასაარჩევნოდ, 14 მაისს, ჩატარდა ახალგაზრდული ღონისძიება, რომელსაც გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლიაც ესწრებოდნენ. ყველაფერი ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ, ნუგზარ ფუტკარაძე კი გვპირდებოდა, რომ თანხა ჩამოირიცხებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, გვატყუებდნენ. როცა შევახსენეთ მათ დანაპირები, ჯერ გვითხრეს, 1 ივლისამდე გვედროვებინა, შემდეგ კი ღონისძიება დაგვიწუნეს. გიორგი თარგამაძეს პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენ ამ ადამიანებისგან დამცირებას ვერ მოვითმენთ. ამის დასამტკიცებლად უამრავი დოკუმენტი გვაქვს.

_ რა დოკუმენტები გაქვთ?

_ ქობულეთზე 1700 ლიტრა საწვავი იყო გაფორმებული, რეალურად კი მოხმარებულია 1100 ლიტრა, 600 ლიტრა გაქრა. არავინ იცის, სად წავიდა, ეს მარტო ქობულეთთან მიმართებაში. როდესაც გიორგი თარგამაძე იმყოფებოდა ბათუმში, მისი თანდასწრებით ბატონი ნიაზი დაგვპირდა, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას 200 ლარი გვექნებოდა ტელეფონისთვის და იმისთვის, რომ ყოველდღიურად გვემუშავა პარტიისთვის. ეს დაფინანსება რვა თვის განმავლობაში არ მიგვიღია.

_ პირადად ზოსიძესთან ან ფუტკარაძესთან თუ დასვით ეს საკითხი?

_ ჩვენ არაერთი განცხადება გავუგზავნეთ ნუგზარ ფუტკარაძეს. როცა კატეგორიულად მოვითხოვეთ დაპირების შესრულება, იყო უდიერი დამოკიდებულება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კამათის დროს გასაღებების აცმის გამოქნევა, მუქარა, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ თუ რამეს გავბედავდით და ასე შემდეგ… მე არ მინდა ახლა ის სიტყვები გავიმეორო, რაც ჩვენ გვიწოდეს, შეურაცხყოფა იქნება იმ საზოგადოების, რომელიც ამას წაიკითხავს.

გარდა ამისა, არჩევნების შემდეგ არც დამკვირვებლებს მისცეს ხელფასები _ 45 დამკვირვებელი ქობულეთში, შვიდი კი ბათუმში დარჩა უხელფასოდ. ყველა ერთად ვაპირებთ ჩივილს, ვიბრძოლოთ იმ საზღაურის მისაღებად, რაც ვიმუშავეთ.

კიდევ ერთი ფაქტი: დავალებით ვმუშაობდით ხელმოწერებზე მერის პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნასთან დაკავშირებით, 2000 ხელმოწერა შევაგროვეთ, მაგრამ დაპირებული ანაზღაურება არც ამ შემთხვევაში მოგვცეს. ჩვენი წერილობითი განცხადებები ამ საკითხებზე ნუგზარ ფუტკარაძესთან თაროზე დევს. შეიძლება ერთხელ მოიტყუო თავი, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ, როდესაც რწმუნდები, რომ გამოყენების ობიექტი ხარ, იძულებული ხდები და ტოვებ მოძრაობას. ჩვენთვის მარტივი არ არის ამის გაკეთება, _ სამი წლის განმავლობაში შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთეთ.

_ რას ფიქრობთ, გიორგი თარგამაძემ არ იცის ამის შესახებ?

_ 28 ივნისს მივწერე ბატონ გიორგის ამის შესახებ. მისგან მივიღე პასუხი, რომ ჰოლანდიაში იმყოფება და როდესაც დაბრუნდება, აუცილებლად გაარკვევს ყველაფერს. 15 დღე გავიდა და არავინ გამოგვხმაურებია, ჩვენ ამ ადამიანებთან უკვე შეუძლებლად მიგვაჩნია მუშაობა.

ამიტომ სექტემბრიდან დავიწყებთ სერიოზულ პიარკამპანიას, რომ მომავალ არჩევნებზე აჭარაში “ქრისტიან-დემოკრატებმა” ვერც ერთი ადამიანი ვეღარ შეიყვანონ ვერსად.

_ თქვენი განაწყენება მხოლოდ თანხას უკავშირდება თუ სხვა პრობლემებიც გქონდათ?

_ ყველა ინტერვიუსა და დებატებზე წასვლის დროს გვაფრთხილებდნენ, რა უნდა გველაპარაკა, რა უნდა გვეთქვა, ეთერის დამთავრების შემდეგ კი გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, ასე არ უნდა გეთქვათო, როცა ჩვენს მოსაზრებას ვაფიქსირებდით. ფაქტობრივად, მათი იდეოლოგიის ქვეშ ვიყავით მოქცეული. ჩემი აზრით, ეს ადამიანები არიან რეგრესზე ორიენტირებულნი, მათთვის დემოკრატიული ფასეულობები და პრინციპები ძალიან უცხოა.

ნიაზ ზოსიძის პასუხი 

“ყველაფერი სისულელეა, ვიღაცა სულელი და ავადმყოფი რაღაცას იტყვის და მე კომენტარი უნდა ვაკეთო?” _ ასეთია ნიაზ ზოსიძის პასუხი ახალგაზრდა “ქრისტიან-დემოკრატების” ბრალდებებზე.

ნიაზ ზოსიძე: საარჩევნო თანხებთან დაკავშირებით მე საქმის კურსში არა ვარ, უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს ფონდს თბილისში, რომელიც შექმნილი იყო საარჩევნოდ, წინასწარ იყო გაწერილი, თუ რა როგორ უნდა დახარჯულიყო. მე როგორც ვიცი, წარმომადგენლებზე ხელფასები გაწერილია და მიიღეს კიდეც, შესაბამისად, ეს ფონდიც დახურულია. რაც შეეხება საწვავს _ ყველაფერი თბილისიდან იმართებოდა, ანუ საწვავიც იქედან გაიცემოდა.

ანაზღაურებასთან დაკავშირებით ახალგაზრდების პრეტენზიები პირველად მესმის. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ირაკლი გოგიტიძე, რომელიც ახალგაზრდულ ორგანიზაციაში იყო ჩვენთან, დაახლოებით 15-20 დღის წინ შემოვიდა და მითხრა, რომ მან უკვე არჩევანი გააკეთა, _ სხვა სამსახური ნახა, სადღაც უნდა ვიმღერო და თქვენგან მივდივარო. მე მომწონს მისი არჩევანი, პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, სადაც იქნება, ღმერთმა ხელი მოუმართოს.

_ ისინი ამბობენ, რომ არაერთხელ მოუმართავთ ანაზღაურების თაობაზე წერილობით, თუნდაც მერის პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვების შემდეგ.

_ დიახ, განცხადებები იწერებოდა თანხის მოთხოვნით, მაგრამ მაგას ან მოგცემენ, ან არ მოგცემენ, რა პრობლემაა? რასაც თქვენ მელაპარაკებით, ეს ყველაფერი სისულელეა და მინდა ასე დაწეროთ.

_ მართალია, რომ ანზორ თხილაიშვილის წასვლასთან დაკავშირებით ქეიფი მოაწყვეთ?

_ პირველად მესმის, ეს ყველაფერი აბსურდი და მონაჩმახია, მე ამ ქეიფზე არ ვყოფილვარ. თხილაიშვილი ჩვენი მეგობარია.

_ და თქვენი აზრით, რაში დასჭირდათ ახალგაზრდებს ამ ყველაფრის გამოგონება?

_ არ ვიცი, რაში დასჭირდათ.

 

ნუგზარ ფუტკარაძე _ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (ქრისტიანდემოკრატიული პარტია):

_ არანაირი შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. პირიქით, ირაკლიმ მადლობა გადამიხადა წასვლის დროს. მას ჰქონდა ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრეტენზიები, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ეს არ იყო დაფინანსებადი საქმიანობა. თქვენც შეგიძლიათ მოიკითხოთ, თუ აქვს რომელიმე პარტიას დაფინანსება ამ კუთხით. რაც შეეხება საწვავის თანხებს, შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხს ჩვენ არ განვსაზღვრავთ, მთავარი ფონდი თბილისშია და იქ ხდება გადაანგარიშება. მეორეც, ქობულეთის ორგანიზაციაზე იმდენი იყო გამოყოფილი, რამდენიც ერთად აღებული ბათუმსა და ხელვაჩაურზე, რადგან ჩვენ ამ ორგანიზაციასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს.

_ რა განსაკუთრებული დამოკიდებულება?

_ რიცხობრივი თვალსაზრისით, იქ ძალიან ბევრი ამომრჩეველი გვყავს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. დიახ, განცხადებებით მომმართეს, მაგრამ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობისთვის დაფინანსება არ გვქონია და მე როგორ გადავუხდიდი, თუ რამეს ჩემი ჯიბიდან მივცემდი, ეს იყო. მივეცი კიდეც ერთხელ და ვურჩიე, თბილისში წასულიყო და გაერკვია, იყო თუ არა მათთვის თანხები გამოყოფილი. მგონი ჩავიდა კიდეც.

_ ირაკლი გოგიტიძე ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვის დროს თქვენ მათ შეურაცხყოფა მიაყენეთ

_ რა გასაღებების სროლაზე გაქვთ საუბარი? ჩემი შვილის ტოლა ადამიანს ამას როგორ ვაკადრებდი. ჩვენ მას ვუთხარით, რომ თუ აღარ სურდა ჩვენთან ურთიერთობის გაგრძელება და რაიმე კარგი ანაზღაურებადი სამუშაო იშოვნა, შეეძლო წასულიყო. აქ კი საზოგადოებრივ საწყისებზე უნდა ემუშავათ და მიეღოთ გამოცდილება, ირაკლი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატადაც კი გვყავდა წარდგენილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი