ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 29 ივნისს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ.
ევროსაბჭოს პრესრელიზის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და აქტიურად ჩაერთო ამ ქვეყნის პოლიტიკაში. იგი სტრასბურგში მის მიმართ უკრაინაში ჩადენილ “არაერთ უკანონობაზე დავობს”. საუბარია მისთვის მოქალაქეობის გაუქმებაზე, მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებასა და ქვეყნიდან გაძევებაზე. სააკაშვილის მოქალაქეობა 2019 წელს, ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ აღდგა.
იგი დავობს, რომ მის წინააღმდეგ უკრაინაში დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის:
- მე-3 მუხლი (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მოპყრობა),
- მე-5 მუხლის პირველი ნაწილი (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება),
- მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი (უდანაშაულობის პრეზუმფცია),
- მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება),
- მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება),
- მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება),
- მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).
უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს 2017 წელს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევეს, თუმცა იმავე წელს დაბრუნდა და ეს მხარდამჭერების დახმარებით გააკეთა, რომლებმაც საზღვარზე გადაიყვანეს. 2018 წელს სააკაშვილი კიევში, რესტორანში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს.