ახალი ამბები

ბერნარ კუშნერი საქართველოს რუსეთთან დიალოგს ურჩევს

15 ივლისი, 2010 • • 1285
ბერნარ კუშნერი საქართველოს რუსეთთან დიალოგს ურჩევს

კონფლიქტში მყოფი ქვეყნების შერიგების საკუთარი მაგალითი წარმოუდგინა ბერნარ კუშნერმა ”ევროპის სახლში” შეკრებულ საზოგადოებას, თუ როგორ მეგობრობდა იგი ერთ-ერთ გერმანელ გენერალთან, გვარად კლაუსთან.

”მამაჩემი ვერ წარმოიდგენდა, რომ მე შემეძლო გერმანელთან მეგობრობა, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მტრები იყვნენ.”

ეს მაგალითი კუშნერმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესაძლო დარეგულირებას მიუძღვნა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ”ევროპის სახლში” ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. 

ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ  საზოგადოებას ის საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განახლების აუცილებლობას.

შეხვედრის დასაწყისში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგადი საუბრები ევროკავშირის შესახებ  ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვით ჩანაცვლდა: გაჩნდებოდა თუ არა ფრანგულ დოკუმეტაციაში სიტყვა ”ოკუპაცია”, რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წლის აგვისტოს განხორციელებული  ქმედების აღსანიშნავად. ამ კითხვას კუშნერმა ორივეჯერ თავი აარიდა და პასუხად ხაზი გაუსვა რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობას.

”ჩემი აზრით, საქართველომ პირდაპირ უნდა აწარმოოს დიალოგი რუსეთთან. თუმცა, საბოლოოდ,  ეს ქვეყნის გადასაწყვეტია”, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაგალითად მან რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობები მოიყვანა, როდესაც კატინის შემთხვევას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა, მაგრამ შემდგომ ეს ურთიერთობა დარეგულირდა.

რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას, კუშნერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი თავის საქმეს გააგრძლებს.
”ჩვენ არ გადავდებთ ამ დოკუმენტს.  თუმცა, ორი წელი ძალიან ცოტაა – უნდა მოითმინოთ.”

კუშნერმა საქართველოს ევრიკავშირში შესაძლო გაერთიანება ეჭვის ქვეშ დააყენა, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ ირღვევა ადამიანის უფლებები და  ეკონომიკური საკითხებია დასარეგულირებელი.

”ისეთი ქვეყანა, სადაც ერთი ადამიანის უფლებაც კი ირღვევა, ვერ შევა ევროკავშირში”, – აღნიშნა კუშნერმა. ” მე არ მითქვამს, რომ თქვენ ევროკავშირში შეხვალთ. ევროკავშირი ისედაც დიდია – უკვე 27 წევრი ჰყავს და 34-მე მეტი წევრი ვერ ეყოლება. თუმცა,  მე მივესალმები თქვენს სწრაფვას მისკენ. მაგრამ გაქვთ მოვალეობებიც. მე, რა თქმა უნდა, გამხნევებთ.”

თუმცა კუშნერმა მახრდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროკავშირთან “ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან” დაკავშირებით.  

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ”ასოცირების შესახებ შეთანხმების” პირველი ოფიციალური მოლაპარაკება დღეს გაიმართება. დოკუმენტი ჩაანაცვლებს მანამდე არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას’’.  ,,ასოცირების შესახებ ხელშეკრულება’’ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მასალების გადაბეჭდვის წესი