ახალი ამბები

ყირიმის რკინიგზაზე, სავარაუდოდ, დივერსია მოხდა – მოძრაობა შეჩერებულია

21 ივნისი, 2023 •
ყირიმის რკინიგზაზე, სავარაუდოდ, დივერსია მოხდა – მოძრაობა შეჩერებულია

ყირიმში, ფეოდოსიის რაიონში, ლიანდაგის დაზიანების გამო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, განაცხადა სერგეი აქსიონოვომა, ანექსირებული ნახევარკუნძულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მას არ დაუზუსტებია დაზიანების მიზეზი.

„ორი საათის განმავლობაში მოძრაობა აღდგება. დაშავებულები არ არიან“, – აღნიშნა აქსიონოვმა.

რუსული ტელეგრამ-არხი „ბაზა“ კი აღნიშნავს, რომ ლიანდაგზე მოხდა დივერსია – აფეთქება 21 ივნისის ღამით მოხდა.

გარდა ამისა, რუსი ოფიციალური პირები იტყობინებიან მოსკოვთან ახლოს, პოდმოსკოვიეში დრონების ჩამოვარდნაზე.

გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, დრონები 21 ივნისის დილით, ადგილობრივი დროით 5:30-ზე და 5:50-ზე ჩამოვარდა, არცთუ ისე შორს ერთ-ერთ სამხედრო საწყობისგან. მისივე განცხადებით, დრონები ჩამოაგდეს სამხედროებმა, დაშავებული კი არავინაა.


ბოლო თვეებში რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე სულ უფრო გააქტიურდა სხვადასხვა სახის თავდასხმა. რუსეთი ამას „ტერორიზმად“ მიიჩნევს, უკრაინა კი ფაქტებთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი