თბილისის მერი კახა კალაძე „ტაბულას“ დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს კვლავ ჰომოფობიური განცხადებით ეხმიანება და ამბობს, რომ ჩერგოლეიშვილმა მისი ცოლის, დიზაინერ ანუკი არეშიძის წინააღმდეგ „ბულინგის“ კამპანია წამოიწყო.
რა თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჰომოფობიური კამპანია წამოიწყეს, ჰომოფობიური განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მან ბრიტანელი გეი მომღერლის, ელტონ ჯონის შესახებ მომზადებულ ბროშურას „სიბინძურის პროპაგანდა“ უწოდა.
„როდესაც ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა“, — თქვა კახა კალაძემ, რომელიც წლების წინ იტალიელი გეი დიზიანერების, დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას საცვლების კოლექციას უწევდა რეკლამას. ამჟამად სამოდელო ინდუსტრიაშია ჩართული კახა კალაძის ცოლი ანუკი არეშიძეც.
„ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ კახა კალაძის ცოლმა, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ უნდა უპასუხოს კითხვას, ეთანხმება თუ არა თავისი ქმრის ჰომოფობიურ განცხადებებს.
„ანუკი არეშიძემ უპასუხოს კითხვას, ეთანხმება თუ არა თავის ჯაგა ქმარს, რომ ელტონ ჯონის ცხოვრების ამბავი სიბინძურეა. დაურეკავენ ჟურნალისტები. კალაძის განცხადებას უნდა ავაკრა და ყველა გეი (ანუ ყველა) დიზაინერთან გავაგზავნო, ვისაც ეტენებიან უსაპნოდ. იცოდნენ, რომ ამ ვიღაც გორსალა „ნუვო რიშებს“ ბინძურებად მიაჩნიათ, სანამ შეიტენიან“, — დაწერა ფეისბუკზე თამარ ჩერგოლეიშვილმა.
აღნიშნული პოსტის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილმა ანუკი არეშიძესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ არეშიძის დუმილს ქმრის განცხადებებზე თანხმობად მიიღებენ.
„ანუკი არეშიძესთან რეკვას დღესაც გავაგრძელებთ და მერე უბრალოდ ქმრის თანხმობის ნიშნად მივიღებთ მის დუმილს და ხვალ უკვე წერილებს გავუშვებთ მოდის სახლებთან, რომ მისი ოჯახი უმცირესობების მიმართ სიძულვილს და ზიზღს აღვივებს და ძალადობის საფრთხეს უზრდის უდანაშაულო ადამიანებს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ცხადია, დავურთავთ 17 მაისის და 5 ივლისის კადრებს და ავუხსნით, რომ მათი დაშვებით ცივილიზებულ ღონისძიებებზე მოდის სახლები მწვანე შუქს უნთებენ ჰომოფობიას და ძალადობას. და შევხედოთ მერე …“, — დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„ვითომ „იცავს“ ამ ადამიანების უფლებებს“
თამარ ჩერგოლეიშვილს თბილისი მერმა 20 ივნისს კვლავ ჰომოფობიური განცხადებით უპასუხა.
„ზოგადად, მე მინდა ერთი რამ ვთქვა, საქართველოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და ალბათ, მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანებს იცავს კანონი, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი მოქალაქის უფლებებია დაცული, ასევე ამ ადამიენების უფლებებია დაცული და არავის დაცვა არ სჭირდებათ. მათ იცავს კანონი და სახელმწიფო. ის ორიენტაცია, სექსუალური მიმართულება, რაც ამ ადამიანებს აქვთ, ეს არის მათი პირადი და მათი საკუთრება და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამ ყველაფერში, მაგრამ ამის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია“, — განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ჩერგოლეიშვილის განცხადებები თავის ცოლის წინააღმდეგ „ბულინგის კამპანიად“ შეაფასა.
„რაც შეეხება კამპანიას, რომელიც ჩემი მეუღლის წინააღმდეგ წამოიწყო [თამარ ჩერგოლეიშვილმა], რომელიც ვითომ „იცავს“ ამ ადამიანების უფლებებს და იცავს ვისგან? – ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. სამწუხარო რეალობაა ეს, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ვინ არის ეს ადამიანი. პირდაპირ ვიტყვი, ამ ადამიანის მეუღლე წლების განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი. იმ სიბინძურის, ბოროტების, რაც ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე, ამის მთავარი იდეოლოგი იყო მისი მეუღლე. არ ვიცი, რამდენი ფაქტი ჩამოვთვალო: ოჯახების გაუბედურება, მკვლელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, შეურაცხყოფის მიყენებები… გინახავთ, ოდესმე გამოსულიყო და დაეგმო ეს ყველაფერი? დღეს ეს ადამიანი გამოდის და ვითომ იცავს ადამიანის უფლებებს და იცავს ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა არ მიკვირს, რადგან ისინი აგრძელებენ ყველაფერ იმას, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში, კლავდნენ და აუბედურებდნენ ოჯახებს. უბრალოდ, დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და რა შესაძლებლობაც აქვთ, იმას აკეთებენ – ცდილობენ, დააბულინგონ განსხვავებული მოსაზრების მქონდე ადამიანები, შეუვარდნენ ოჯახებში და შეურაცხყოფა მიაყენონ და ა.შ. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის ამ განცხადებას უპასუხა თამარ ჩერგოლეიშვილმა და თქვა, რომ მის ცოლს სახლში არ უვარდება. ჩერგოლეიშვილის თქმით, მისი მიზანია გაიგოს, იზიარებს თუ არა ანუკი არეშიძე კახი კალაძის ჰომოფობიურ კამპანიას და „თუ ის ადეკვატურ პასუხს“ გასცემს, თემა ამოიწურება.
ჩერგოლეიშვილმა გამოაქვეყნა მისი და გიგა ბოკერიას ფოტო. როგორც თავად ამბობს, ეს კალაძის მიერ მოწყობილ წვეულებაზე, 2008 წელსაა გადაღებული.
„ეს 2008 წლის ახალი წელია – თქვენ წვეულება გამართეთ და დაგვპატიჟეთ სისხლისმსმელები.
ანუ ჩვენ თუ ოჯახებს ვაწიოკებდით, თქვენ ოჯახის ამწიოკებლებს სუფრებს უშლიდით“, — წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი.
რას ამბობს ანუკი არეშიძე?
ანუკი არეშიძე ქმრის ჰომოფობიურ განცხადებებს საჯაროდ არ გამოხმაურებია. ამიტომ მოქალაქეებმა ანუკი არეშიძეს ინსტაგრამზე ჰკითხეს, იზიარებს თუ არა ქმრის ჰომოფობიურ განცხადებებს.
კომენტარების უმრავლესობა უპასუხოდაა დატოვებული, ხოლო კითხვას, თუ რომელი გეი დიზაინერის სამოსი აცვია, არეშიძემ უპასუხა: „ყველასი ყველგან“.
თუ ანუკი არეშიძე დააპირებს, საჯაროდ უპასუხოს ბრალდებებს ჰომოფობიასთან დაკავშირებით, ნეტგაზეთი მზადაა, ამის საშუალება მისცეს.
კომენტარები ანუკი არეშიძის ერთ-ერთი ინსტაგრამპოსტის ქვეშ