ახალი ამბები

„საქართველოში მინდა ექსტრადიცია“ – უკრაინაში ტყვედ აყვანილი ნოდარ ბახტურიძე

21 ივნისი, 2023 •
„საქართველოში მინდა ექსტრადიცია“ – უკრაინაში ტყვედ აყვანილი ნოდარ ბახტურიძე

რუსეთის მხარეს მებრძოლი ნოდარ ბახტურიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინაში ტყვედ აიყვანეს, ინტერვიუში ყვება, თუ როგორ და რატომ მოხვდა რუსულ ჯარში, ვინ მიჰყავთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ომში და რამდენადაა შესაძლებელი რუსეთში ვითარების ცვლილება.

ფრონტზე მოხვედრამდე ბახტურიძე რუსულ ციხეში იხდიდა სასჯელს დანაშაულისთვის, რომელიც, როგორც თავად ამბობს, არ ჩაუდენია. ომის დაწყებიდან მალევე რუსეთში გავრცელებულ პრაქტიკად იქცა მსჯავრდებულების ომში წაყვანა.

„თავიდანვე მქონდა ტყვედ ჩაბარების იდეა“

ტყვეობაში მყოფი ბახტურიძე აღნიშნავს, რომ ომში უკრაინას უჭერს მხარს და ყვება, რომ ჯერ კიდევ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის ხელის მოწერისას გეგმავდა, ტყვედ ჩაბარებულიყო და სამშობლოში, საქართველოში, ან, წარუმატებლობის შემთხვევაში, „სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში“ გადაყვანა ეთხოვა. მისი თქმით, ეს რჩევა მეგობარმა მისცა – ბლოგერმა და ყოფილმა ვეტერანმა, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს.

„ჩემი ეს მცდელობა შეიძლება უიმედო, სულელური იყო, მაგრამ… არ ვიცი, მომეჩვენა, რომ შანსი იყო.

უკრაინას ვუჭერდი მხარს, მის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას. ჩემი სამშობლოც მსგავს გასაჭირშია. რაც ახლა ხდება [რუსეთში], არის ფაშიზმი“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ ფრონტზე მოხვედრის შემდეგ მეორე დღესვე აიყვანეს ტყვედ.

„გაჟლეტაზე უშვებენ“

ბახტურიძე ინტერვიუში იმის შესახებაც საუბრობს, თუ ვინ მიჰყავთ ომში ციხეებიდან და ამბობს, რომ ხელმძღვანელობის მიზანი მათი „უტილიზაციაა“:

„გენახათ, ვინ იბრძოდა… ჩემს ჯგუფში ორი ადამიანი დადიოდა ხელჯოხით. მათ უშვებენ წინა ხაზზე. […] ყველას უტილიზაციაზე, გაჟლეტაზე უშვებენ, რათა პრობლემები მოიშორონ. საქმე ის არის, რომ ზონაზე [ციხეში] ვერ დააბრუნებენ, არ არის ასეთი მექანიზმი. საშინელებაა. მოხუცებს, 58, 59, 60 წლისებს უშვებენ წინა ხაზზე. […]

ისეთი კონტინგენტია, საშინელებაა, თქვენ არც გინახავთ. მოუმზადებელი… რა ომი, რითი უნდა იომონ? ჩემთან სანგარში იჯდა ადამიანი, ძლივს დადიდოდა. ვეუბნებოდი, თავი არ ამოყო, მოგკლავენ. არ მისმენდა, გამოდიოდნენ, დასეირნობდნენ როგორც გამზირზე“.

„უკან წამოსვლაზე არც იფიქროთ, დაგხვრეტენ“

ბახტურიძის განცხადებით, რუსულ მხარეს ჯერ კიდევ მოქმედებენ „ზაგრადატრიადები“ [რუს. Загрядотряды – ქვედანაყოფები, რომლებიც მეომარ ძალებს უკან მიჰყვებიან და არ აძლევენ საშუალებას, დატოვონ ბრძოლის ველი. მსგავსი პრაქტიკა ისტორიის განმავლობაში გამოიყენებოდა, მათ შორის, სსრკ-ის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს – რედ.].

„გვაფრთხილებდნენ, უკან [წამოსვლაზე] არც იფიქროთ, დაგხვრეტენო“, – იხსენებს იგი, და მოჰყავს შემთხვევა, როცა ორი რუსი ჯარისკაცი თავისიანებმა დახვრიტეს.

რა შეცვლის ვითარებას რუსეთში?

რაც შეეხება რუსეთში ვითარების ცვლილებას, ბახტურიძე მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ ომი რუსეთის ყველა მცხოვრებელს შეეხება:

„[ვითარების ცვლილებისთვის] რევოლუციური სიტუაცია უნდა მომწიფდეს. რუსეთში ხალხი საკმაოდ მორჩილია, მონური ფსიქოლოგიაა. დამიჯერეთ, მე მაგ ქვეყანაში 30 წელი ვიცხოვრე. დღეს იქ ისეთი უძრაობაა, ამას არ უნდა ველოდოთ. პროტესტების ცალკეული შემთხვევებიც სასტიკად ჩაახშეს.

უკმაყოფილოთა რიცხვი მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიზარდოს, როცა ომის შედეგები შეეხება ყველას, ხელშესახებად. ამ შემთხვევაში მოტივი იქნება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი