ახალი ამბები

ქეთრინ ეშტონი საქართველოში პირველად ჩამოვა

14 ივლისი, 2010 • • 1153
ქეთრინ ეშტონი საქართველოში პირველად ჩამოვა

15 ივლისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ქეთრინ ეშტონი ბათუმს ეწვევა. ეშტონი ბათუმში 15.00 საათზე ჩაფრინდება, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ”ასოცირების შესახებ შეთნხმების” პირველი ოფიციალური მოლაპარაკება გაიმართება. დოკუმენტი ჩაანაცვლებს მანამდე არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას’’.

დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. ,,აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას’’, – წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ”ასოცირების შესახებ შეთანხმება” მოიცავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

,,ეს ხელშეკრულება გულისხმობს ახალ, ხარისხობვრივად უფრო მაღალ დონეზე აყვანას საქართველო-ევროკავშრის თანამშრომლობის ყველა მიმართულებით: პოლიტიკური, ეკონომიკური, განათლების, ხალხთა შორის ურთიერთობების, უსაფრთხოების, კულტურის, სპორტის, ყველა სხვა სოციალური სფეროს მიმართულებით და ჩვენ უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში”, – განაცხადა ვაშაძემ.

მოლაპარაკებების მანდატი ”ასოცირების შესახებ  შეთანხმების” თაობაზე ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანსა და სომხეთსაც დაუმტკიცა.

ბათუმიდან ეშტონი თბილისში ჩამოვა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან, ხოლო 19.00 საათზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.  ეშტონი  20.00 საათზე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გაიმართავს.

16 ივლისს, დილიდან, ეშტონი წეროვანსა და ოძისს ესტუმრება.

ვიზიტის ბოლოს ქეთრინ ეშტონი  საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის  ოფისს ეწვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი