„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პირად ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დავას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს:
„შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!“ — აცხადებს ნიკა გვარამია.
„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.
მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.
2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.