ახალი ამბები

ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია გაზსადენზე

14 ივლისი, 2010 • • 1192
ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია გაზსადენზე

რა პოზიცია აქვს ირანს საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციასთან დაკავშირებით და არის თუ არა ირანისთვის მნიშვნელოვანი საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა რუსეთითვის, როგორც ეს ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტ ლიანა ჯერვალიძეს მიაჩნია?  ნეტგაზეთი ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში გაზსადენზე ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით გამართული დისკუსიის შემდეგ დაუკავშირდა. ამ დისკუსიას ირანის საელჩოს წარმომადგენელიც ესწრებოდა.  გთავაზობთ საელჩოს პოზიციას გაზსადენის საკითხზე:

”ირანის ისლამური რესპუბლიკა  ბუნებრივი გაზის რესურსების თვალსაზრისით, მსოფლიოს მეორე სახელმწიფოა. სპარსეთის ყურეში მეზობელ ქვეყნასთან  არსებული “სამხრეთ ფარსის”  საერთო საბადო შეიცავს 14 ტრილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, რომელიც მსოფლიო გაზის მარაგის 16 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს არის  ერთადერთი საბადო სპარსეთის ყურეში და თუ მას დაემატება ხმელეთზე არსებული საბადოებიც, გაზის რაოდენობა ორმაგად გაიზრდება.

თუ გავითვალისწინებთ ირანის ბუნებრივი აირის მარაგის ასტრონომიულ მასშტაბებს, დავინახავთ, თუ რა მცირე რაოდენობის გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის საშუალებით. არსებული ცნობების თანახმად, ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენით ყოველწლიურად შესაძლებელია 3-4 მილიარდი კუბური მეტრი აირის ტრანსპორტირება.  აქედან,  1,5  მილიარდი  კუბური  მეტრი  გაზის ტრანსპორტირება ხდება სომხეთში. აღნიშნული რაოდენობა უტოლდება ირანის მიერ სომხეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობას.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში  ენერგეტიკის როლიდან და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დააყენა ენერგეტიკის ექსპორტის პოლიტიკა. ირანი დაინტერესებულია გაზის ექსპორტით. ამ მიზნით ექსპლოატაციაში შევიდა ორი გაზსადენი, რომლის საშუალებით ყოველწლიურად 50 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი მიეწოდებათ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეზობელ ქვეყნებს. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ირანის  მიერ  ინდოეთის სუბკონტინენტზე საექსპორტო გაზის მოცულობის პოტენციალი  და  მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები.  აღმოსავლელი მეზობლების მოთხოვნილებიდან და მილიარდიანი მოსახლეობიდან გამომდინარე, ირანმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, იაფი გაზით უზრუნველყოს ეს ქვეყნები  და რამდენიმე ხნის წინათ შესაბამისი ხელშეკრულება დადო პაკისტანის რესპუბლიკასთან.

რაც შეეხება საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენს, რომელიც ქვეყნის შიდა საკითხია, ირანი პატივს სცემს ნებისმიერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება ქვეყნის კანონების შესაბამისად ხალხის ნების გათვალისწინებით.

ასევე ინფორმაციის სახით დავამატებ, რომ  ირანის კონსტიტუცის  თანახმად, პრივატიზაციის საკითხი აქტიურად განიხილება, თუმცა გარკვეულ წესებსა და ჩარჩოებშია მოქცეული.  ირანული გაზსადენების გადაცემა კერძო სექტორისათვის (შიდა  და უცხოური კომპანიებისათვის)  დღემდე არ მომხდარა”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი