ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023-ის პირველ კვარტალში მშპ 7.7%-ით გაიზარდა

19 ივნისი, 2023 • 2865
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023-ის პირველ კვარტალში მშპ 7.7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 16.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წლის I კვარტალში 6.8 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტიკის სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (44.2 პროცენტი), მშენებლობა (15.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (10.5 პროცენტი), განათლება (13.4 პროცენტი) და ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.2 პროცენტი).

კლება კი აღინიშნა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა (-6.6 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-10.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-0.3 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს კი იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.9 პროცენტი), მშენებლობა (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.5 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2023 წლის 15 ნოემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი