ახალი ამბები

წულუკიანის გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა ადამიანმა მოიგო სასამართლო დავა

19 ივნისი, 2023 • 1989
წულუკიანის გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა ადამიანმა მოიგო სასამართლო დავა

თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა ადამიანმა სასამართლო დავა მოიგო.

საქმე ეხება ნოტარიუს მედეა გვაზავას თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“(GDI) იცავდა.

GDI-ის ცნობით, იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ, 2020 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით, მედეა გვაზავა ნოტარიუსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„გათავისუფლების საფუძველი იყო „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის იმდროინდელი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 65 წლის ასაკამდე. თუმცა კანონი გამონაკლისის სახით ადგენდა, რომ იუსტიციის მინისტრს შეეძლო, ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაეგრძელებინა მისთვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი“, – აღნიშნავს GDI.

ორგანიზაციის ცნობით, მედეა გვაზავამ მოიგო ძირითადი სასარჩელო დავა, რის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილებები და გაუგრძელა მას უფლებამოსილების ვადა. აღნიშნულის შემდგომ ნოტარიუსმა დაიწყო მეორე დავა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემოსავლისთვის, რომელიც მან ვერ მიიღო უკანონოდ გათავისუფლების გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი