ახალი ამბები

„ეჭვი მეპარება, რიჟვაძეს მსგავსი რამ ეთქვას“ — ინჯია

16 ივნისი, 2023 • 1814
„ეჭვი მეპარება, რიჟვაძეს მსგავსი რამ ეთქვას“ — ინჯია

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ 2008 წლის ომში გმირი ვაჟკაცები იბრძოდნენ და დარწმუნებულია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მათ არ შეურაცხყოფდა.

ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა დეპუტატ ხატია დეკანოიძის გამოსვლას, რომელმაც, თავის მხრივ, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ამაზრზენი უწოდა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებულ ამაზრზენ განცხადებას, რომელიც ჯარისკაცებს, ვინც 2008 წელს თავდაუზოგავად იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეეჩერებინათ რუსული ჯარი, ლაჩრებს უწოდებს. საერთოდ რა სენსიტიურობა აქვს ან კავშირი აქვს ამ კაცს სამშობლოსთან, არაფერი გაუგია 2008 წელს დაღუპულ ჩვენს გმირებზე, ანწუხელიძის სახელიც არ გაუგია?“ — განაცხადა ხატია დეკანოიძემ და დასძინა, რომ ვერ წარმოუდგენია, როგორ უშვებს ხელისუფლება, რომ მისი წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებდეს.

ფრიდონ ინჯია თორნიკე რიჟვაძეს გამოექომაგა, თუმცა თქვა, რომ მისი განცხადება არ მოუსმენია.

„მინდა დავიწყო ჩემი კოლეგის, ხატია დეკანოიძის განცხადებით რიჟვაძის განცხადებებზე, რომ ჩმორი და ასეთი იყვნენ… მე მაგას ვერ დავიჯერებ. ალბათ, გარკვეულ კატეგორიაზე იყო საუბარი, რომელიც მართლაც რომ დაიმალა და იმალებოდა ან მეორე დღეს ცეკვა-თამაში ჰქონდა პარლამენტის წინ. ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში. თორემ ანწუხელიძის და სხვა გმირების შემყურეს… მე თვითონ ვიყავი მოწმე, რა გმირი ვაჟკაცები იყვნენ. ეჭვი მეპარება, რომ რიჟვაძეს მსგავსი რამე ეთქვას. არ მომისმენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იყო“, — თქვა ინჯიამ.

15 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას, უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი კირთაძემ თორნიკე რიჟვაძეს ჰკითხა, ხედავს თუ არა საფრთხეს, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში უკონტროლოდ შემოდინების გამო, რაზეც რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნამდვილად გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა ბათუმში.

„გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობაც და ამ ხვედრით წილში, მათ შორის, იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო“,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამავე სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა რიჟვაძეს უთხრეს, რომ ის ამ განცხადებით შეურაცხყოფას აყენებს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. რიჟვაძემ კი თქვა, რომ „გაქცეულ მხედართმთავარზე იყო აქ საუბარი“.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/483308/

მასალების გადაბეჭდვის წესი