ახალი ამბები

ენმ მიესალმება სააკაშვილის გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკაში ჩართვაზე

16 ივნისი, 2023 •
ენმ მიესალმება სააკაშვილის გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკაში ჩართვაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მიხეილ სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში და მიესალმება მის გადაწყვეტილებას, აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში:

„პუტინისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს მან შეძლო და რუსულ ორბიტას მთლიანად მოწყვიტა საქართველო და წავედით წინ დიდი ნაბიჯებით ევროპისკენ, დასავლეთისკენ. ამის შემდეგ იყო უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ ბრძოლა, პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვება.

მე დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე მქონდა რწმენა და ამას ყველა საჯარო გამოსვლაში ვაფიქსირებდით, ვამბობდით და ვაფიქსირებთ, რომ ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს ამ რეჟიმის დამარცხებაში“ ,— აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მან მოისმინა თორნიკე რიჟვაძის, ირაკლი კობახიძისა და გიორგი ვოლსკის მოღალატეობრივი განცხადებები:

„ეს მართლა ლაჩრები, მშიშარები, ერთ დაძახებაზე მართლა მათი ლანდი რომ არ იქნება, აკრიტიკებენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც 2008 წელს ჩვენს გმირ ბიჭებთან ერთად უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია პუტინის რეჟიმს და მეტიც, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ არა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მათი ამოცანა იყო თბილისის აღება და ყველას კარგად ახსოვს პუტინის შეთავაზება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი წასულიყო დედაქალაქიდან, დაეტოვებინა ქვეყანა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი სიცოცხლე და მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის არც ქვეყანა დატოვა და არც მისი ხალხი არ მიატოვა“,— აცხადებს ხაბეიშვილი.

ენმ-ის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ რუსული რეჟიმის მიერ იდევნება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ ყველა ოფიცერი და მებრძოლი, ვინც იბრძოდა და იბრძვის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსა თუ უკრაინაში:

„რუსული რეჟიმი დევნის ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა და უწევს პუტინის რეჟიმს, ამიტომ, ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას. მთავარია, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს.

სააკაშვილის თქმით, გუშინ, 15 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები მისთვის „ბოლო წვეთი“ იყო.

„ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.

დღეიდან ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემ მიერ დაფუძნებულ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

15 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა ოპოზიციიდან. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას და ამით გამოწვეულ საფრთხეებს.

თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი