ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება” – დარჩიაშვილი

16 ივნისი, 2023 • 1219
“ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება” – დარჩიაშვილი

„მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე“ – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დარჩიაშვილმა „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის“ ფარგლებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონსტრუქციული დიალოგის მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ გახმიანებული ამ ინიციატივის მიზანი მეზობლებს შორის დიალოგის განვითარებაა, ამ პროცესში კი მკაფიოდ იკვეთება „საქართველოს ბუნებრივი როლი რეგონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.

აზერბაიჯანთან დაკავშირებით მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა. ამ კუთხით, დარჩიაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს პროექტი, რომელიც საქართველოს ინიციატივით დაიწყო, სტრატეგიული მნიშვნელობისაა და უდიდესი შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს, როგორც რეგიონის, ისე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

ამასთან, დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკასთან არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

“საქართველო მომავალშიც გააგრძელებს მეზობელ ქვეყნებთან საერთო ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელებას“, – თქვა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი