ახალი ამბები

სტამბა “რეზონის” თანამშრომლის თქმით, უფროსმა მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა

16 ივნისი, 2023 • 3225
სტამბა “რეზონის” თანამშრომლის თქმით, უფროსმა მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა

თბილისში მდებარე სტამბა “რეზონის” ყოფილი დასაქმებული, გვანცა ქველაძე აცხადებს, რომ სტამბის უფროსმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის ამსახველი ვიდეო თავდაპირველად მისმა მეგობარმა ფეისბუკზე გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ სტამბის უფროსი რეზო რაზმაძე მას ჯერ “მათხოვარს” უწოდებს, შემდეგ კი მობილურ ტელეფონს აგდებინებს ხელიდან.

როგორც გვანცა ქველაძემ ნეტგაზეთთან განაცხადა, ტელეფონის დაგდების შემდეგ რაზმაძემ მას თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც ქველაძე დაეცა და დაზიანებები მიიღო. ამასთან, დაუზიანდა მობილური ტელეფონიც:

“სამსახურში მივედი, შემოვიდა რეზო რაზმაძე, უფროსი, და პირდაპირ დაიწყო ჩემი მიმართულებით, “გვანცა, შენ ღორო. გუშინ რატომ არ დაასუფთავე ესო, წადი, მომშორდი სამსახურიდან”, და გადმოვიდა შეურაცხყოფაზე პირდაპირ. მეუბნებოდა, “ჩამოთრეულო გლეხო”, “რას გავხარო”.

ეს დეტალი მინდა დამატებით გამოვყო, რომ მე ბავშვობის ასაკში დამწვრობა მივიღე და გარკვეული ნაიარევები მაქვს სხეულზე. იმდენად მტკივნეულია ამ ფაქტის გახსენება და ამაზე ხაზის გასმა… ეს რომ ეთქვა ადამიანისთვის, რომელსაც არ აქვს ნაიარევი სახეზე, სხვა ამბავია, მაგრამ ეს იყო პირდაპირი დისკრიმინაცია ჩემი ნაიარევიდან გამომდინარე. ვცადე სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ არ ჩერდებოდა და მეძახდა, “გლეხო, ჩამოთრეულო” და სხვა უშვერი სიტყვებით მლანძღავდა”, — იხსენებს ქველაძე.

მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ, ბოლოს დაიწყო გადაღება, რის შემდეგაც, როგორც ვიდეოში ჩანს, რეზო რაზმაძე გაღიზიანდა და მისკენ გაიწია, რა დროსაც გვანცა უკან-უკან იხევდა.

როგორც კადრებში ისმის, სტამბის ხელმძღვანელი მას მიუთითებს, რომ დაასუფთაოს სამუშაო ადგილი, რაზეც გვანცა განუმარტავს, რომ მის მოვალეობაში არ შედის დასუფთავება. ამის შემდეგ კი ეუბნება, რომ ის დილის 9 საათიდან საღამოს 7-8 საათამდე მუშაობს, რის შედეგადაც იღლება, რაზეც რაზმაძე მას ეუბნება: “მათხოვარი ხარ” და ხელს ურტყამს, რის შედეგადაც ვიდეოგადაღება წყდება.

როგორც გვანცა ქველაძე უყვება “ნეტგაზეთს”, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტამბა “რეზონის” უფროსი მას ან მის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ის იხსენებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ერთ-ერთი ეპიზოდი იყო მარტშიც, რის შემდეგაც მან სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა მეორე დღეს რეზო რაზმაძე მას ესაუბრა და ქველაძემ სამსახურის დატოვება გადაიფიქრა.

“ეს პიროვნება თვითონ ისეთი ადამიანია, რომ არავის ერიდება. არაერთი ატირებული თანამშრომელი დამიმშვიდებია მე, რასაც ეს ადამიანი იწვევდა ხოლმე”, — ამბობს ქველაძე.

მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ შრომის ინსპექციას და პოლიციას მიმართა. ქველაძის განცხადებით, გამოძიებაც დაიწყო 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ ინფორმაციის გადამოწმებას “ნეტგაზეთი” ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა რეზო რაზმაძესაც, რომელმაც თქვა, რომ მანამდე არც ქველაძისთვის და არც სხვა თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია:

“ფიზიკურ შეურაცხყოფას უარვყოფ…ელემენტარული მოთხოვნა იყო მასთან, რომ საჭმელს რომ შეჭამს და პირს მოიწმენდს, არ დააგდოს ძირს. ათასი სტუმარი მოდის. გერმანელი სტუმარი იყო ჩამოსული და სირცხვილისგან ლამის წავიქეცი. მეორე დღეს, ნერვებმოშლილზე რომ მივეცი შენიშვნა, აიღო ტელეფონი და დაიწყო ინტრიგანული ჩაწერა.

მე არასდროს მიმიყენებია მისთვის შეურაცხყოფა… ერთადერთი, ტელეფონზე გავღიზიანდი, რომელიც ცხვირზე მომადო და დაიწყო ინტრიგანული ჩაწერა. მაგ დროს კი…” ,— განმარტავს რაზმაძე.

მან დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და მის გარდა ასევე გამოიკითხნენ სხვა თანამშრომლებიც.

ამასთან, რაზმაძის განცხადებით, პოლიციამ ამოიღო სტამბაში არსებული ვიდეოჩანაწერებიც.

შრომის ინსპექციის ცნობით კი, გვანცა ქველაძემ მათ გუშინ, 15 ივნისს მიმართა საჩივრით. უწყების ცნობით, მიმართვის საფუძველზე დაიწყო მოკვლევა შრომის უფლებებისა და სამუშაო გარემოს უსაფრთხოების მხრივ. შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, გაესაუბრნენ როგორც რეზო რაზმაძეს, ასევე, სხვა თანამშრომლებსაც.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს შრომის ინსპექცია, ან შსს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ასევე მოგვიანებით გახდება ცნობილი ექსპერტიზის შედეგებიც, რომელიც ქველაძეს ჩაუტარდა.

განახლება:

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ნეტგაზეთს დაუკავშირდა გვანცა ქველაძე, რომელიც ამბობს, რომ რაზმაძის ბრალდებები საკვების ნარჩენების ძირს დაყრასთან დაკავშირებით სიცრუეა.

„სამსახურში არის ნაგვის ურნები სადაც მსგავს ნარჩენებს ვყრით… თუ რეზო რაზმაძემ ნამდვილად დაინახა იატაკზე რაიმე სახის არასამსახურეობრივი ნაგავი, მერწმუნეთ, ეს მისივე ძაღლის მიერ ამოქექილი იქნებოდა, რომელიც სულ შენობაში ყავს, არაერთხელ დაუტოვებია ღამით სამუშაო სივრცეში და არაერთხელ მიგვიმართავს მისთვის, რომ სამუშაო სივრცეში ძაღლის შარდის სუნი იყო.

ფიზიკური შეურაცხოფის უარყოფას რაც შეეხება, დიდი იმედი მაქვს ამ ტყუილს გამოძიება გააბათილებს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი