ახალი ამბები

ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლებისას სამხედროს მეხი დაეცა

15 ივნისი, 2023 •
ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლებისას  სამხედროს მეხი დაეცა

ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

როგორც ნეტგაზეთს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.

მათივე ცნობით, პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება. თუმცა მიმდინარე რეანიმაციული მკურნალობის შედეგად ჰემოდინამიკური პარამეტრები უკვე დასტაბილურდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი