ახალი ამბები

ევროპარლამენტი: უკრაინასთან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები წელსვე გაიხსნას

15 ივნისი, 2023 • 1655
ევროპარლამენტი: უკრაინასთან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები წელსვე გაიხსნას

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წელსვე გახსნას უჭერს მხარს.

რეზოლუციას 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 38-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 42-მა თავი შეიკავა.

„უკრაინის გამარჯვებით მოტანილი მშვიდობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით… ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას და წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რათა ევროკავშირში მისი გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნას წელს და აღნიშნავს, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს მთავრობათაშორისი კონფერენცია იმავე ვადაში“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ნატოს მოუწოდებს, შეასრულოს უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული დაპირება და მოელის, რომ ვილნიუსსა და ვაშინგტონში მომავალი სამიტები გზას გაუხსნის უკრაინას ნატოში გაწევრიანების მოწვევის მისაღებად, ხოლო „გაწევრიანების პროცესი დაიწყება ომის დასრულების შემდეგ და დასრულდება რაც შეიძლება მალე“.

ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, წევრ ქვეყნებს, ნატოს მოკავშირეებს და თანამოაზრე პარტნიორებს, მჭიდროდ ითანამშრომლონ უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი ჩარჩოს შემუშავებისთვის, რომელიც განხორციელდება ომის შემდეგ დაუყოვნებლივ, ნატოში სრულ გაწევრიანებამდე.

ევროპარლამენტარებმა რეზოლუციაში დაგმეს და სამხედრო დანაშაულად შეაფასეს რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის განადგურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი