საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხს გაააქტიურებს.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა Українська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბევრი ჭორი დადის. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად, რუსეთმა იგრძნო, რომ მანევრირების სივრცე არსებობს და ისინი სხვადასხვა საკითხებს აყენებენ — ეს დამახასიათებელია რუსული ტაქტიკებისთვის. ისინი უკრაინასთან ომს აგებენ. ჩემი აზრით, მათ უკვე წააგეს მრავალი თვალსაზრისით — პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, საერთაშორისო. ისინი ჯერ სრულად არ დამარცხებულან სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ეს მოხდება.
გრძნობენ რა ამას და ამავდროულად საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს, რბილად რომ ვთქვათ, ორაზროვანი სიგნალები და ახლა ნიადაგს სინჯავენ, რამდენად შორს შეიძლება წასვლა [თბილისთან ურთიერთობაში]“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, რუსეთს ახალისებს გამბედაობის და სიმტკიცის ნაკლებობა.
„მე მესმის, რომ საქართველო ოკუპირებულია და არ შეუძლია დამოუკიდებლად გაატაროს კონფრონტაციის პოლიტიკა, მაგრამ შეუპოვარი უნდა იყოს. ნებისმიერი სიმტკიცის ნაკლებობა ახალისებს რუსეთს, შეამოწმოს, რამდენად შორს შეუძლია წავიდეს. სწორედ ამას ვხედავთ. აღადგინეს ფრენები. ახლა, ალბათ, რკინიგზის საკითხს დატესტავენ და სხვა რამეებსაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვავლინოთ სიმტკიცე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ თვითონ ამის წინააღმდეგი იქნება.
„მე არ მაქვს ფაქტობრივი აღმასრულებელი უფლება, რომ შევაჩერო ეს, მაგრამ მე მაქვს უფრო ძლიერი ძალა, ვარ ხალხის მიერ არჩეული, რაც არ ეხება იქ მყოფ ცალკეულ პირებს [ხელისუფლებას] და ვიცი, რომ წარმოვადგენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. და ქართველ ხალხთან თამაში არავინ უნდა სცადოს“, — დასძინა მან.
რუსეთ-საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელიც აფხაზეთზე გადის, 1992–1993 წლების კონფლიქტის შემდეგ არ ფუნქციონირებს.