ახალი ამბები

2 ათასით დააჯარიმეს „საქართველოსთვის“ წევრი, რომელიც მარტის აქციებზე დააკავეს

15 ივნისი, 2023 • 626
2 ათასით დააჯარიმეს „საქართველოსთვის“ წევრი, რომელიც მარტის აქციებზე დააკავეს

მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი, კოკა კობალაძე სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა. კობალაძეს პოლიციელებისადმი წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

როგორც პარტიაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, მოსამართლემ წვრილ ხულიგნობაში კობალაძე გაამართლა და მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში ცნო სამართალდამრღვევად.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ კობალაძის ადვოკატმა სასამართლოს ვიდეომტკიცებულებები წარუდგინა, სადაც ჩანდა, რომ დაკავების დროს კობალაძე პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და არც შეურაცხყოფას აყენებს.

კობა კობალაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, 13:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, როგორც პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა აცხადებს, პროცესი ყველასგან მალულად, დაგეგმილზე ადრე დაიწყო:

„დღეს კოკა კობალაძის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოცხადებას ველოდით სასამართლოში, “სამართალდამრღვევი”, დაცვის მხარე, პოლიტიკოსები, მედიასაც პროცესის გაშუქებისთვის აკრედიტაცია ჰქონდა გავლილი. ყველასგან მალულად, ყველას დასწრების გარეშე, გამოაცხადეს გადაწყვეტილება და გვითხრეს, რომ თურმე იქვე მყოფებს გვეძებდნენ და ვერ გვიპოვეს! ასეთი რთულია სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა!,“ — აცხადებს ბერდია სიჭინავა.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს პრესსამსახურთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხი კი ამ დრომდე არ მიგვიღია. სასამართლოსგან კომენტარის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი