ახალი ამბები

თელასი ტექნიკური ხარვეზით ხსნის შესყიდვებზე ინფორმაციის რუსულ ენაზე გამოქვეყნებას

14 ივნისი, 2023 • 766
თელასი ტექნიკური ხარვეზით ხსნის შესყიდვებზე ინფორმაციის რუსულ ენაზე გამოქვეყნებას

სააქციო საზოგადოება „თელასში“ აცხადებენ, რომ მათ ელექტრონულ პორტალზე შესყიდვების შესახებ ინფორმაციის რუსულ ენაზე მითითება ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა და კომპანია აღნიშნულ საკითხს გამოასწორებს.

კომპანიის პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ვებგვერდი Telasi.ge სამენოვანია და დოკუმენტაციასაც კომპანია სახელმწიფო ენაზე აწარმოებს. რაც შეეხება ელექტრონული შესყიდვების სისტემას, რომლის ელექტრონული მისამართიცაა http://92.241.77.40/, შესყიდვის ობიექტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რუსულ ენაზე შეცდომითაა მითითებული, შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია და ხარვეზი გამოსწორდება.

14 ივნისის 14:00 საათისთვის კომპანია თელასის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე ინფორმაცია რუსულ ენაზე იყო მითითებული. ვებგვერდის ენის ცვლილების შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია რუსულ ენაზევე რჩებოდა.

კომპანიის საიტის თანახმად, „თბილელექტროქსელი“, შემოკლებით „თელასი“, 1937 წელს დაფუძნდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1995 წელს, სააქციო საზოგადოების სახით დარეგისტრირდა.

საიტის თანახმადვე, 1998 წლის ბოლოს მისი აქციების 75.5% შეისყიდა კორპორაციამ AES Silk Road Holdings B.V., 2003 წლის აგვისტოში კი კორპორაცია AES-ის ფაქტობრივმა მფლობელმა (Silk Road Holdings B.V.) აქციათა პაკეტის 100% მიჰყიდა ფინურ კომპანიას – სააქციო საზოგადოება RAO Nordic Oy, რომლის ერთადერთი აქციონერია რუსული კომპანია „ინტერ რაო“.

თელასის აქციების 24.5% პროცენტს სახელმწიფო ფლობდა და შემდეგ მისგან აქციები 10.5 მლნ აშშ დოლარად „ბესტ ენერჯი გრუპმა” იყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი