ახალი ამბები

თბილისში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამეტაპიანი გახდება

14 ივნისი, 2023 • 1786
თბილისში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამეტაპიანი გახდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება და პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილებიც. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 14 ივნისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ დრომდე რეგისტრაცია ორეტაპიანი იყო. პირველ ეტაპზე პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების, მეორეზე კი საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობდა, ხოლო 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია სამეტაპიანი გახდება:

„პირველ ეტაპზე პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პრიორიტეტულ ჯგუფებს, კალაძის განცხადებით, ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილებიც.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებისთვის მერია საკრებულოს მიმართავს და რეგისტრაციის პროცესში ივლისში დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი