ახალი ამბები

ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას თავდაცვის კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

12 ივნისი, 2023 • 1036
ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას თავდაცვის კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები თავისუფლდებიან ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებისგან, რაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობისთვისაა საჭირო.

თეონა აქუბარდიამ შესყიდვებთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრისას თქვა, რომ 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბელარუსისგან შეისყიდა კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც „კავშირი ჰქონდა რუსეთთან“.

„ამან ძალიან დიდი კითხვები გააჩინა საზოგადოებაში. პროგრამის განახლება მოხდა ერთი წლის წინ და არაერთი მილიონი დაჯდა“, — განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

„გაქვთ მტკიცებულება, რომ რუსეთთან ჰქონდა კავშირი?“, — ჰკითხა კომიტეტის თავმჯდომარემ აქუბარდიას და მსგავსი განცხადებების გაკეთებისას სერიოზულად დაფიქრებისკენ მოუწოდა.

თეონა აქუბარდია შეეცადა ირაკლი ბერაიასთვის პასუხი გაეცა, რა დროსაც კომიტეტის თავმჯდომარემ გაფრთხილება მისცა.

„ხელს ნუ მიშლით. პირველად ხართ კომიტეტის სხდომაზე? როდესაც ადამიანი საუბრობს, ადგილიდან არ უნდა ისაუბროთ. როცა მიკროფონი გექნებათ, შემდეგ უნდა გასცეთ პასუხი. დიახ, გასწავლით, რასაც საჭიროდ ჩავთვლი. შეწყვიტეთ საუბარი, თორემ დაგატოვებინებთ დარბაზს“, — მიმართა ბერაიამ აქუბარდიას.

ამის შემდეგ ირაკლი ბერაიამ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რათა თეონა აქუბარდიას კომიტეტის სხდომა დაეტოვებინა. დეპუტატმა დარბაზი დატოვა.

„სკოლის გაკვეთილებიდან გაგდება გავიგე და აი, თავდაცვის კომიტეტიდან თავმჯდომარემ დღეს პირველად გამაგდო, ჩემი არგუმენტები რომ არ მოეწონა, იმიტომ. ნუცას სკოლაა, პარლამენტი კი არა“, — დაწერა აქუბარდიამ Facebook-ზე.

სუსი ორმაგი დანიშნულების პროდუქციას ლიცენზიის გარეშე იყიდის – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი