ახალი ამბები

10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

7 ივნისი, 2023 •
10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

10 ივნისიდან თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება, რის გამოც მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მათივე ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია 17 მილიონი ლარი დაჯდება.

„აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პირველ რიგში, შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მოწესრიგებას საჭიროებს. 1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი. დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. ტერიტორიაზე, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად – მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.

სატრანსპორტო საშუალებებს თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით. ასევე, პერიოდულად, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეიზღუდება უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის ავტომანქანების მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა:

N363 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად. კერძოდ, სოფელ თხინვალადან პეტრე ქავთარაძის ქუჩით დაუკავშირდება უნივერსიტეტის ქუჩას და დაეშვება თამარაშვილის გამზირისკენ, შემდეგ კი იმოძრავებს სოფელ თხინვალას მიმართულებით.

ავტობუსები – N302, N304, N310, N392 უნივერსიტეტის ქუჩისა და გიორგი დანელიას ქუჩის კვეთასთან არსებულ წრეზე კვლავ უნივერსიტეტის ქუჩისკენ მობრუნდებიან, სადაც მათი ბოლო გაჩერება იქნება.

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს

მასალების გადაბეჭდვის წესი