ახალი ამბები

რუსული მხარე ამბობს, რომ დევისისა და სმოლკინის გაშვება საქართველომ სთხოვა

5 ივნისი, 2023 • 2899
რუსული მხარე ამბობს, რომ დევისისა და სმოლკინის გაშვება საქართველომ სთხოვა

რუსული მხარე აცხადებს, რომ მათმა ციგურაობის ფედერაციამ მწვანე შუქი აუნთო დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის საქართველოს ნაკრებში გადმოსვლას. რუსული ნაკრების მწვრთნელმა, ელენა ჩაიკოვსკაიამ სამთავრობო მედია „ტასს“-ს უთხრა, რომ დევისისა და სმოლკინისთვის წასვლის საშუალების მიცემა ქართულმა მხარემ სთხოვა.

„დევისისგან და სმოლკინისგან გადასვლაზე განცხადება არ მიგვიღია, მაგრამ 22 მაისს მოგვივიდა რელიზი საქართველოდან, სადაც იყო თხოვნა, მიგვეცა მათთვის გადასვლის საშუალება… ოლიმპიური თამაშების შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა, რაც არანაირ შეჯიბრებაში არ მიუღიათ მონაწილეობა, მათზე ფული არ იყო დახარჯული. არ ჩამოდიოდნენ რუსეთში, ამიტომაც გავუშვით“, – აცხადებს ჩაიკოვსკაია.


ინფორმაცია დევისისა და სმოლკინის საქართველოს ნაკრებში გადმოსვლაზე 5 ივნისს, დილის საათებში გავრცელდა.

ჟურნალისტმა დეივ ლიზმა თავის ბლოგში The Skating Lesson დაწერა, რომ რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ დევისსა და სმოლკინს ეროვნული ნაკრების შეცვლის უფლება მისცა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

რუსი მოციგურავეების სტატუსის შეცვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) უნდა მიიღოს. ეს შესაძლოა მომავალი კვირის სხდომაზე ან ოქტომბერში მოხდეს.

დევისი და სმოლკინი წარმოადგენდნენ რუსეთს პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაზე, სადაც მე-14 ადგილი დაიკავეს.
ოლიმპიადის შემდეგ სპორტსმენები სავარჯიშოდ აშშ-ში გადავიდნენ, საიდანაც რუსეთში აღარ დაბრუნებულან.

დევისი რუსეთში ცნობილი მწვრთნელის ეთერი თუთბერიძის შვილია, სმოლკინი კი — მსახიობ ბორის სმოლკინის შვილი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს სანქციები დაუწესა. საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის მიზნით, ბევრმა სპორტსმენმა მოქალაქეობა შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი