ახალი ამბები

გუშინწინ აქციაზე დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი იზოლატორში რჩება

4 ივნისი, 2023 •
გუშინწინ აქციაზე დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი იზოლატორში რჩება

გუშინწინ, 2 ივნისს აქციაზე დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი კი კვლავ იზოლატორში რჩება.

გათავისუფლებულებს შორის არიან ადვოკატი შოთა თუთბერიძე და აქტივისტი ლაშა ჯანჯღავა. თუმცა, ამ დრომდე [19:57] კვლავ დაკავებულია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი და აქტივისტი, ნიკა რომანაძე.

დაკავებებთან დაკავშირებით ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ორგანიზაციები ამბობენ, რომ შსს-ს ამ დრომდე დაკავებულთა რეგიონალურ იზოლატორებში გადაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით რაიმე განმარტება არ გაუკეთებია.

„ რაც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, დაკავებულთათვის დაცვის უფლების შეზღუდვა და ადვოკატებთან შეუფერხებელი კომუნიკაციის ხელშეშლა შეიძლება ყოფილიყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაკავებულებს დაუსაბუთებლად, დაკავების ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივდათ. შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი.

მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება, გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული!,“ –  ნათქვამია განცხადებაში.


2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.

ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. უკვე შემდგომ შსს-მ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ ადგილზე 7 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულთა შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და ლაშა ჯანჯღავა და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი