ახალი ამბები

„დაკავებულებს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48-მდე გაუგრძელა“ – საია-ს თავმჯდომარე

3 ივნისი, 2023 • 875
„დაკავებულებს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48-მდე გაუგრძელა“ – საია-ს თავმჯდომარე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა.

ქურდოვანიძე განმარტავს რომ ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა და პარლამენტმა შსს-ს უფლება მისცა დაკავების ვადა ერთჯერადად, 24 საათით გაეგრძელებინა:

„კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია. თუმცა, რეალობაში, დაკავების ვადის გაგრძელების პრაქტიკა, ისევე როგორც მთლიანად სამართალდარღვევათა კოდექსი, სადამსჯელოდ გამოიყენება, ვიდრე რეალური საჭიროებისთვის.

ამას ადასტურებს სტატისტიკაც. მაგალითად, 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი 1994 დაკავებულიდან, დაკავების ვადა გაუხანგრძლივეს 220 პირს. თითქოს ამ სტატისტიკაში უცნაური არაფერია, დაახლოებით 11% -ს გაუხანგრძლივდა დაკავების ვადა“ – ამბობს ქურდოვანიძე.

მისი თქმით, ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი იყო მათგან აქტივისტი არ აქვს, თუმცა აღნიშნული პერიოდი 7-8 მარტის აქციებს ემთხვევა, რა დროსაც 100 დაკავებულიდან თითქმის ყველას დაკავების ვადა გაუხანგრძლივდათ:

„თუმცა, აქ უფრო საინტერესო ისაა, ვისაც გაუხანგრძლივდა, მათგან რამდენი იყო აქტივისტი. ამის ზუსტად თქმა ახლა არ შემიძლია, თუმცა, ეს პერიოდი ემთხვევა მარტის აქციებს და მასშტაბურ დაკავებებს. 7-8 მარტის აქციებზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო დაკავებული, რომელთაგან თითქმის ყველას გაუხანგრძლივდა დაკავების დრო. რატომღაც, დაკავების გახანგრძლივებას მიზანშეწონილად შსს ძირითადად აქტივისტების შემთხვევაში მიიჩნევს“ – წერს საიას თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.

ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი