ახალი ამბები

დროა: პოლიციამ ამწე მანქანის დახმარებით ოფისიდან გადმოკიდებული ბანერი ჩამოხსნა

3 ივნისი, 2023 • 1459
დროა: პოლიციამ ამწე მანქანის დახმარებით ოფისიდან გადმოკიდებული ბანერი ჩამოხსნა

„დროას“ განცხადებით, პოლიციამ მათი ზუგდიდის ოფისიდან გადმოკიდებული ბანერი ამწე მანქანის დახმარებით ჩამოხსნა.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვიოს თუ რა საფუძვლით ჩამოხსნა პოლიციამ პარტიის ოფისიდან გადმოფენილი ბანერი. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

ბანერი წარწერით „ირაყლი“ პარტიის რეგიონულ ოფისზე დღეს გადმოკიდეს. ამ გზით „დროა“ გუშინ, 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაკავებას აპროტესტებენ.

პარტიის წევრები მოიწოდებენ მოქალაქეებს დღეს, 21:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა. შვიდივე დაკავებული ამ დრომდე რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.

ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი